თამარ შუკვანი
04.04.2020

ერევანში რუსეთის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეებმა შაბათს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები გაჭირვებაში მიატოვა. მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა, მოსკოვი მათ მიღებაზე უარს აცხადებს.

პროტესტის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პარასკევს დაგეგმილი „ურალის ავიახაზების" ავიარეისი გაუქმდა. ამის გამო რუსეთის დაახლოებით 200-მდე მოქალაქემ სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და კიდევ გაურკვეველი ვადით დარჩა სომხეთში.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებმა ერევნის აეროპორტ ზვარტნოცშიც გააპროტესტეს. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ „ურალის ავიახაზებმა" მგზავრებისათვის ბილეთების საფასურის უკან დაბრუნებაზე უარი თქვა.

ზვარტნოცში აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მიიღეს დაპირება, რმ 4 აპრილს მათ რუსეთის კონსული შეხვდებოდა და პრობლემას მოუგვარებდა. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულდა.

„დღეს ჩვენ უნდა შეგვხვედროდნენ საელჩოში, მაგრამ თქვენც ხედავთ - ყურადღებას არავინ გვაქცევს", - განუცხადა სომხურ მედიას შაბათს საელჩოსთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ არ აძლევს რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას, თუკი სომხეთის ხელისუფლება დაუბრკოლებლად აბრუნებს თავის მოქალაქეებს რუსეთიდან.

„ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. აქ ხალხია, რომელთაც რუსეთში ჰყავთ ოჯახი, აქვთ ბიზნესი. მათ უბრალოდ სურთ დაბრუნდნენ შინ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან რომელიღაცთანამდებობის პირმა ასე გადაწყვიტა. რატომ ექცევით ასე რუსებს?

„დღეს გამოცხადდა, რომ ფაშინიანი (სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი) 6 აპრილს თავის მოქალაქეებს აბრუნებს სომხეთში და რუსეთის ფედერაცია აქ ტოვებს თავის მოქალაქეებს? ანუ, რუსეთი ანტიდემოკრატიულია. რა ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ვართ?" - აღნიშნა რუსეთის მოქალაქემ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა უცხოეთიდან საკუთარი მოქალაქეების ჩამოყვანის შეწყვეტის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია - კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 35 ათსამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ავიამიმოსვლის შეჩერების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და დახმარებას ითხოვენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×