თამარ შუკვანი
06.04.2020

კოვიდ-19 პრაქტიკულად ახალ სახეს იძენს - გაჩნდა ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების ახალი წყარო შესაძლოა ცხოველები გახდნენ. მსოფლიოში ცხოველის დაინფიცირების პირველი გახმაურებული და დადასტურებული შემთხვევა გახდა ცნობილი, როდესაც ვირუსი ადამიანისგან ცხოველს გადაედო. თუმცა, ჯერჯერობით კვლავ არ დასტურდება ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემის ფაქტები.

„რეზონანსი" რამდენიმე ინფექციონისტს დაუკავშირდა, თუმცა, კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან კორონავირუსი ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს და როგორც ვირუსი, ასევე ეს ახალი ფაქტიც მედიკოსებისთვის სიახლეა.

გამოცემასთან საუბარში, ინფექციონისტთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ვარაუდის დონეზე. მეორე ნაწილი თვლის, რომ ცხოველების სახით ახალი წყაროს გაჩენის ალბათობა არსებობს, მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ გამოსაკვლევია.

„მსოფლიოში ეს თემა არავინ იცის. ახალი ფაქტია, რომ კატას ემართება და ახლა ვეფხვზე გადავიდა. ეს იმდენად ახალი ვირუსია, ამის თქმა არავის შეუძლია. ჯერ დაზუსტდეს ეს ფაქტი, შეიძლება უბრალოდ ვარაუდია," - აღნიშნავს ექიმი-ინფექციონისტი პოლინა ჯაველიძე.

ახალ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია „სიენენმა" გაავრცელა. შემთხვევა ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში მოხდა, სადაც სწორედ ვეფხვს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი. როგორც გამოცემა წერს, ცხოველს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მასსა და ზოოპარკის კიდევ ხუთ ბინადარ ვეფხვსა და ლომს ვირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაინფიცირებული იყო, თუმცა, სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ზოოპარკი საზოგადოებისთვის 16 მარტიდანაა დახურული.

ზოოპარკის მთავარი ვეტერინარის განცხადებით, „ეს არის ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა გადასდო ვირუსი ცხოველს და ცხოველი ავად გახდა".

მათივე ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიმდინარეობს დაავადება ზოგადად ცხოველებში.

„მართალია, მათ აღენიშნებათ მადის შემცირება, მაგრამ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები სხვა მხრივ კარგად არიან, ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან," - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19 ადამიანებს ცხოველებისგან გადაედებათ.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ურჩევენ, შეამცირონ კონტაქტი ცხოველებთანაც, მათ შორის შინაურ ცხოველებთან, სანამ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

გამოცემა „გარდიანის" (The Guardian) ინფორმაციით, ჩინეთში, „ჰარბინის ვეტერინარული კვლევის ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, Covid-19 შესაძლოა კატებს გადაედოთ და სხვა კატებსაც გადასდონ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×