თამთა ჩაჩანიძე
22.05.2020

შვედეთში უკვე ბევრი აღიარებს, რომ მათი მიდგომა კოვიდ-19თან ბრძოლაში და შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იყო, ანუ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის შეძენაზე მუშაობამ არ გაამართლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიც ამბობს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის შეძენის ტემპი ბევრად ჩამორჩება დაგეგმილს მაშინ, როცა სიკვდილიანობა საგანგაშო მასშტაბებს იძენს, თუმც მაინც იმ აზრზეა, რომ მისი მიდგომა საბოლოო ჯამში მაინც წარმატებული აღმოჩნდება.

მაშინ როცა ბევრი სპეციალისტი ქვეყნის შიგნით და გარეთ სასტიკად აკრიტიკებს მთავარ ეპიდემიოლოგ ანდერს ტეგნელს იმ პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებზე უარის თქმას ითვალისწინებდა, მას კვლავ მოქალაქეების ნებაყოფლობითი თვითიზოლაციისა და „კოლექტიური იმუნიტეტის" იმედი აქვს. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7,3 პროცენტს უპოვეს ახალ კორონავირუსზე ანტისხეულები, რაც, ტეგნელის თქმით, იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რასაც მოელოდნენ.

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული საშუალო სიკვდილიანობის მაჩვენებლით, შვედეთი მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს - დანიას, ნორვეგიასა და ფინეთს. 13-დან 19 მაისამდე პერიოდში კი მან ისეთი ქვეყნებიც ჩამოიტოვა, რომლებიც ამ ტრაგიკულ სტატისტიკაში ლიდერობენ. კერძოდ ამ ერთ კვირაში შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 6.25 იყო, დიდ ბრიტანეთში 5.7, ესპანეთში 2.6, იტალიაში 2,9 ხოლო საფრანგეთში 3.4.

ამავე პერიოდში, 13-იდეან 19 მაისამდე, შვედეთი ლიდერობს ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებლითაც.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსული ინფექციით 32 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მსხვერპლი კი 3871 ადამიანია.

აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის არჩეულმა მოდელმა, ანუ იძულებით საკარანტინო ზომებზე უარის თქმამ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ პანდემიის პრევენციის მიზნით მკაცრი საკარანტინო ზომები გაატარა, შვედეთმა ამ ყველაფერზე უარი თქვა და ქვეყნის ბედი მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და „კოლექტიურ იმუნიტეტს" მიანდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ირაკლი უტიაშვილი   (25.05.2020)
არანაირი საგანგაშო მონაცემები არ არის, ნუ აზვიადებთ. სხვა მწვსვე გრიპებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×