თამთა ჩაჩანიძე
29.06.2020

ამერიკა აღმოსავლეთ ევროპიის უსაფრთხოების გაზრდას იწყებს, რაც რუსეთისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის ჯარების რაოდენობა შემცირდება და კონტინგენტის ნაწილი პოლონეთში განთავსდება.

მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე შეხვედრა, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და აშშ-ის პრეზიდენტს ტრამპს შორის თეთრ სახლში 24 ივნისს შედგა. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას მოუთმენლად ელიან, რაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის მძლავრი გზავნილი იქნება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ორი მიზეზის გამო ჩავიდა - ერთი პოლონეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კაპმანიის ფარგლებში და მეორე ამერიკული კონტინგენტის ნაწილის გერმანიიდან პოლონეთში განთავსების გამო.

„დუდა ჩავიდა ვაშინგტონში იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა მიიღოს, ეს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექტშია. თუმცა, ბუნებრივია, ანჟეი დუდა საკითხს დააყენებს, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკული კონტინგენტი პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდეს, რამდენადაც ვიცი ტრამპი გერმანიიდან გამოყვანილ ჯარისკაცების ნაწილს ამერიკაში აბრუნებს და ამ ეტაპზე 5 ათას კაციან კონტინგენტს პოლონეთში უშვებს.

„ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე 5 ათასი ამერიკელი სამხედროა განთავსებული და ამას გერმანიიდან გამოყვანილიც დაემატება,რამდენი და როგორ ალბათ ამ შეხვედრაზე გაირკვევა" - განაცხადა მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნალი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლონეთის მხარდაჭერით, დონალდ ტრამპს სურს ნატოს სხვა მოკავშირეებს დაანახოს, რომ ისინი ალიანსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ, ხოლო პოლონეთი კი პირიქით, მზადაა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ყველაფერი თვითონ დააფინანსოს.

„როგორც პოლონეთის, ასევე ამერიკის პრეზიდენტი პრინციპში წინასაარჩევნო რეჟიმში არიან შესულები, აქედან გამომდინარე, მათ საერთაშორისო კონტაქტები სჭირდებათ, რომ თავიანთ ამომრჩევლებს ანახონ, რომ მათ ძალიან აქტიური საერთაშორისო ურთიერთობები აქვთ.

„მეორე ის, რომ ამ მესიჯით, ანუ პოლონეთის მხარდაჭერით, ტრამპს გარკვეულწილად გერმანიას და ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებიც მისი აზრით, ვალდებულებებს არ ასრულებენ, თუ ისინი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯს არ გადადამენ, მაშინ ის მზადაა, რომ ასეთი ალტერნატიული გადაწყვეტილებები მიიღოს, როგორიც პოლონეთში.

„პოლონეთი კი პირიქით მზადაა, რომ ყველაფერი თვითონ დააფინანსოს, ოღონდ ამერიკული ჯარების ნაწილები იქ განთავსდეს და ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. თვითონაა დაინტერესებული და ამისათვის რამდენიმე მილიარდის გადახდას აპირებს, რომ მათთან მუდმივად შეერთებული შტატების ჯარი იყოს.

„ესაა აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა, რაც ამერიკელ ამომრჩეველს მოსწონს,რომელმაც ტრამპი აირჩია და რაც მთავარია, ტრამპის ადმინისტრაციასაც ეს მიდგომები მოსწონს და ეს შეხვედრა კიდევ მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარეცაა.

„ამერიკული ჯარი უფრო აღმოსავლეთისკენ მოიწევს, რაც რუსეთისთვის არასასიამოვნია, პოლონეთს რუსეთი სტალინგრადის ოლქის მეშვეობით და აქედან გამომდინარე, ვინაიდან პოლონეთის უსაფრთხოება იზრდება, იზრდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებაც, რაც რუსეთის ინტერესებში დიდად არ შედის" - განაცხადა კაკაჩიამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თეთრ სახლში რუსეთის საფრთხეებზე საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის თემასაც შეეხო.

„2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ყირიმის ანექსია მოახდინა, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს პოლონეთში ნატოს ჯარების, აშშ-ის ჯარების ყოფნა ცხადყოფს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი სერიოზულად განიხილება.

„ეს ცხადყოფს, რომ თუ ვინმეს პოლონეთზე თავდასმა მოუნდება, მას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს, ვინაიდან მსოფლიოს უძლიერესი არმიის ნაწილი აქ არის და ის პოლონელ ჯარისკაცებს საზღვრების დაცვაში დაეხმარება, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება. 100 წლის წინ ჩვენ რუსები ვარშავიდან განვდევნეთ. არ გვსურს ამ სიტუაციის განმეორება.

„მიხარია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ესმის ევროპაში არსებული რეალობა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათ წლეულების განმავლობაში გამოცოცხლდა, იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წელს დაესხა თავს,"- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, პირველი ტურის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხმათა 42% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკი 30%-ით, მერე ტური კი 12 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×