სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    07.04.2017

    სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული გურამ რჩეულიშვილი თავისუფალია. მისი ოჯახის წევრები კი კვლავ საპატიმროში რჩებიან და სავარაუდოდ მათი გამოშვება უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, რადგან პროკურატურსა და რჩეულიშვილებს შორის საპროცესო შეთანხმება ვერ ხერხდება. შოთაძის უწყება მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის საპატრიმროდან გათავისუფლების წინაპირობად "ცენტრ პოინტის" საქმეზე ყველა დაზარალების დაკმაყოფილება ასახელებს, რჩეულიშვილების ოჯახი კი პირიქით დაზარალებულთა დაკმაყოფილების წინაპირობად დაკავებულთა გათავისუფლებას ასახელებს.

    "ახლა გვეუბნებიან - ყველაფერი დაასრულეთ, ყველა დააკმაყოფილეთ და მერე ვილაპარაკოთო საპროცესო შეთანხმებაზეო. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ვერ მოხდება შეთანხმება. ჩვენ რეალურად მონდომებულები ვართ, ოღონდ თანმხვედრი ნაბიჯი იმათგანაც უნდა იყოს გადადგმული. ასე რომ, თუ ითანამშრომლობენ, სააპელაციოშიც შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ისინი ციხეში ისხდნენ და პარალელურად დასრულდეს ყველაფერი, ასე არ გამოვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კომპანიის ადვოკატი.

    თქვენი აზრით, რომელი მხარის პოზიციაა მართებული პროკურატურის თუ რჩეულიშვილების ოჯახის?

    უნდა გაათავისუფლონ თუ არა პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულთა სრულ დაკმაყოფილებამდე? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დიმა ჯაიანი  (მსახიობი):  "მე ყველაზე მეტად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე ამდენი წელია ელოდებიან საკუთარი ბინების მშენებლობას. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება.

    "არ ვარ ის კაცი, რომ ციხისკენ ვუბიძგო ადამიანს და ამას მივესალმო. თუ ისინი გარეთ იქნებიან და მოხდება ამ ადამიანების დაკმაყოფილება, ამაზე უკეთესი რა იქნება?!"

     

     

     ნუგზარ კვაშალი მომღერალი):  "პირველ რიგში რასაც ვხედავ, ხალხია დაზარალებული. "ცენტრ პოინტი" იქნება თუ სხვა სამშენებლო კომპანია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია - ხალხია გადაგდებული. ალბათ გურამ რჩეულიშვილი იმიტომ გამოუშვეს, რომ ახალგაზრდაა, მიხვდა თავის დანაშაულს, ახლა ყველაფერს თავის თავზე აიღებს და გააკეთებს იმასაც, რაც გასაკეთებელია."

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი):  "მემგონი შეიძლება მოლაპარაკება, საპროცესო შეთანხმება დაიდოს და მოხდეს დაზარალებულების დაკმაყოფილება - სინქრონულად მოხდეს ეს ყველაფერი.

    "არ ვარ იურისტი და არ ვიცი სამართლებრივად როგორ მოხდება, თუმცა, კარგი იქნება, თუ რჩეულიშვილები საპატიმროს დატოვებენ და მიხედავენ ჯანმრთელობას."

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  "ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და არ არიან იმის ღირსი, რომ პროკურატურა მათ კიდევ ერთხელ ენდოს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თავის დროზე ფული უკვე ანდეს და მათ კი დახარჯეს. ამიტომ უნდა ისხდნენ ციხეში. გურამ რჩეულიშვილმა კი დაამთავროს მშენებლობები, მოხდეს ყველა ადამიანის დაკმაყოფილება და ამის შემდეგ უნდა გამოვიდნენ ციხიდან.

    "რომ მახსენდება რა საშინელი შრომის ფასად აქვთ ადამიანებს მშენლობაში ფული ჩადებული და ამათ კი ეს მიითვისეს... არაფერი მოხდება, თუ ცოტა ხანს ციხეში დარჩებიან."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter