სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.05.2017

    საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გუშინ ბათუმში გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

    ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მისთვის მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევაა. მარგველაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქართველოსთვის პრობლემურია.

    "საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ ოკუპირებულია. ურთულეს ვითარებასა და გარემოში ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს ვაყალიბებთ. ამ ვითარებაში მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაში არის, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია.

    "რა თქმა უნდა, ნომინალურად პრეზიდენტს მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი პრეზიდენტს მოუვა პრემიერ-მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს იმის დისკრეციაც კი არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევა გახდება თუ არა ქვეყნისთვის პრობლემა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ქეთი ბექაური (იურისტი):  მგონი, რომ გარკვეულწილად გახდება, რადგან მთავარსარდალი კონსტიტუციით ყოველთვის პრეზიდენტი იყო. იმ ვითარებასა და მდომარეობაში, რომელშიც დღეს საქართველოა, ვფიქრობ ალბათ,, ჯობდა, ეს სტატუსი პრეზიდენტს დარჩენოდა.

    თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, გეოპოლიტიკურ ვითარებას და მტრულად განწყობილ გარემოცვას, მგონი, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადაიდგა.

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი):  უმეტეს ქვეყანაში ასეთი სტატუსი არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მეთაურები არასოდეს მოწოდების სიმაღლეზე არ იდგნენ. ომის სიტუაციაში პირველი პირი თავის თავზე იღებდა გადაწყვეტილებას.

    ისეთი სამხედროები არ გვყავს, რომ თითი გავიშვიროთ და ვთქვათ, პრეზიდენტის ნაცვლად მთავარსარდალი ის იყოს. სამწუხაროდ, მაღალპროფესიული სამხედრო კადრები ძალიან ცოტა გვყავს.

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  ვფიქრობ, სტატუსი, როგორც მთავასარდლის, არ უქმედება. მაგრამ ეს შეიძლება პრეზიდენტის პრეროგატივა არ იყოს. საზოგადოებამ რა უნდა განიხილოს? ვინ უნდა განიხილოს? სამწუხაროდ, ეს ფორმალური ხასიათისაა.

    ვინც ამ კონსტიტუციით დაინტერესებულია, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან, მოსაზრება მათ უნდა გამოთქვან. ვფიქრობ, საქართველოს კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა დარჩეს მთავარსარდალი. რადგან ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ მივდივართ, მაშინ მთავარსარდლის სტატუსი იქნება.

    მგონია, რომ მთავარსარდლის არჩევა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის უნდა მოხდეს. მგონი, რომ ეს პრემიერ-მინისტრი იქნება.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  მთავარსარდალი ვიღაც უნდა იყოს, ვინ იქნება და რა თანამდებობის პირი იქნება, ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს. ომის პირობებში მთავარსარდლის გარეშე შეუძლებელია.

     

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  ქვეყნის მთავარსარდალი უნდა იყოს არა სამოქალაქო პირი, როგორიც ბატონი პრეზიდენტია, არამედ სამხედრო, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, გინდ ამერიკაში, გინდ რუსეთში. მთავარია, პროფესიონალი უმაღლესი განათლების იყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter