სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.05.2017

    არასამთავრობო სექტორს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას წარმოდგენილი ჰქონდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ექნებოდა ვალდებულება, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან, მათი არგუმენტით, ეს ინვესტორებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მათ მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის.

    "გვაქვს კანონი და არ გვაქვს მისი აღსრულების მექანიზმი. ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა არ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც რაიმე დამაბრკოლებელი მექანიზმი ინვესტიციებისთვის. ეს ასე რომც იყოს, სრულიად ამორალურია, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ვწირავთ იმ მიზეზით, რომ სხვებმა დამატებითი სარგებელი და ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა ნახოს," - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

    შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება დააზარალებს თუ არა ეკონომიკას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მე ვფიქრობ, რომ შრომითი უსაფრთხოების გამკაცრება ეკონომიკას არ დააზარალებს. როდესაც ადამიანი იღუპება, რომელია მთავარი, ადამიანური რესურსი რომ ნადგურდება, თუ ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ამ საკითხის გამოსწორებას?! მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს. თუ ეს ასეთი ტრაგიკული შემთხვევებისგან გვიხსნის, აუცილებლად გასაკეთებელია. პირველი შემთხვევა ხომ არ არის, როდესაც ადამიანი იღუპება?! ბოლოს და ბოლოს, პრევენციული ღონისძიებები უნდა მივიღოთ. არსებობს შესაბამისი დასკვნებიც არასამთავრობო სექტორისა თუ სახალხო დამცველის მხრიდანაც. აბა, ინვესტორი რომ შემოდის, ქართველი კაცის სიცოცხლეს არ უნდა გაუფრთხილდეს?!

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გააჩნია, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამის ერთ კონტექსტში განხილვა არასწორია. ზოგ დარგში მეტი სიმკაცრეა საჭირო, ზოგან - ნაკლები. მაგალითად, მეშახტეებთან ეს აუცილებელია, მაგრამ სამეცნიერო კვლევებში ისეთი უსაფრთხოება არ არის საჭირო, როგორიც შახტში. ამიტომ, ეს უკვე ინდივიდუალურია. სადაც სოცოცხლის მეტი რისკია, იქ უნდა იყოს გამკაცრებული, ხალხი თუ დაიღუპა, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი?! მაგრამ, სადაც ამის საჭიროება არ არის, გასამკაცრებელიც არაფერია.

     

     

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): მე ვფიქრობ, საკითხი ასე არ უნდა დაისვას, ეკონომიკას დააზარალებს თუ არა. იმიტომ, რომ უპირველესი არის ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოდ ვიწოდებოდეთ და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ, პირველ რიგში, უნდა დავაფასოთ ადამიანის სიცოცხლე და შრომის უსაფრთხობის კანონი გავამკაცროთ.

     

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  თითიდან გამოწოვილი მგონია ის არგუმენტი, რომ ეკონომიკას დააზარალებს. იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში, მართალია, მთელი ბრძოლებით, მაგრამ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს და ამით მსოფლიო ეკონომიკა უმძიმეს მდგომარობაში არ მეჩვენება.

    გარდა ამისა, ოთხი მეშახტე დაიღუპა და ადამიანებს უნდოდათ მათი ოჯახების თანგრძნობა, როგორ შეიძლებოდა ისე მოქცეულიყო პოლიცია, როგორც მოიქცნენ. რა საჭირო იყო იქ ადამიანების დაკავება?! მეც სიამოვნებით დავდგებოდი სოლიდარობის აქციაზე. ძალიან მინდა, რომ ამ შრომითი უსაფრთხოების საკითხში სერიოზული პრობლემები შეექმნათ არა "მეორადი მნიშვნელობის" ადამიანებს, არამედ მათ, ვინც უსაფრთხოებაში ფული არ ჩადეს. თორემ, ისე გამოდის, რომ მეპატრონე ცამდე მართალია, დანარჩენები კი - დამნაშავეები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter