სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    02.08.2017

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და გულადი ქართველი ხალხისთვის: ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტისას.

    მაიკ პენსი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი კავშირი და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პენსის ვიზიტით ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან და ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის.

    "ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის და საქართველოს გაძლიერების საქმეში ამერიკა იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ეს ვიზიტი არის დადასტურება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, რომ პირველ ევროპულ ტურნეში საქართველო შედის ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ასეთივე მადლიერების გრძნობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომლის გზავნილებიც ჩამოიტანა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში და მე ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან და ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    მოელით თუ არა მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში პენსის ვიზიტის შემდეგ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მიმაჩნია, რომ ვიცე - პრეზიდენტის გზავნილები ყველა მიმართულებით იყო მკაფიო და იმის დასტურია, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს განსაზღვრული, დაიცვას ამერიკის ინტერესები და დაიცვას საქართველოს ინტერესები.

    ჩვენ ახლა ურთულეს მდგომარეობაში ვართ და ასეთი ზესახელმწიფოს გარეშე გაგვიჭირდება. ვფიქრობ, ამ ვიზიტს ექნება თავისი შედეგი. რა თქმა უნდა, იქნება პროვოკაციებიც, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ სწორედ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ძალიან შეთანხმებული ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის, რაღა უნდა შეიცვალოს. ნელ-ნელა ეს ურთიერთობა მყარდება. ამასთან, ამერიკის მეორე პირი რომ მკაცრად იტყვის, ეს არის ჩვენი პარტნიორი... არასწორია მოსაზრება, თითქოს დაგვივიწყეს და აღარ გვახსენებენ უკრაინასთან ერთად - ასე არ არის. უკრაინაში გავარვარებული ომია და მასთან ერთად ვინ გვახსენებს?!

    მე უფრო ის მაღელვებს, ამას რა მოჰყვება რუსეთის მხრიდან, მიხვდება თუ არა რუსეთი, რომ ცოტა ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამაში ეჭვი მეპარება.

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): რა ვიცი, შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, რათა გაამართლონ ეს ჩამოსვლა და ტრამპის მიერ გამოგზავნილი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება.

     

     

     

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):მნიშვნელოვან ცვლილებებს ნამდვილად არ ველი. ჩვენს პოლიტიკოსებს ახასიათებთ რადიკალური განცხადებები. ეს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ გაგრძელდება ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აქამდეც ჰქონდათ, რომ სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ისევ გაგრძელდება. ეს ხომ თავისთავად არ არის ახალი ამბავი და ამიტომ არ მგონია, ამ ვიზიტმა რაიმე რადიკალური ცვლილებები მოიტანოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter