სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    03.08.2017

    რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

    ვიზიტთან დაკავშირებით პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პენსოვი არაფერს ამბობს.

    ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იყო.

    როგორ ფიქრობთ, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა უკავშირდება თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): როგორც რიგითი მოქალაქე, მთავრობას და ხელისუფლებას ვურჩევდი, ფრთხილად იყვნენ, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მიმაჩნია, რომ ამერიკელის ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო. 2008 წელი მახსენდება, როდესაც ამერიკა ოკეანის მიღმა დარჩა, ჩვენ კი - რუსეთის პირისპირ. ძალიან სახიფათო თამაშები და სიტუაცია შეიქმნა, რადგან ორივე მხარე, პუტინი და ტრამპი, პროვოცირებას ახდენს და შუაში საქართველო იჭყლიტება. ღმერთმა არ ქნას, საომარი სიტუაცია შეიქმნას, ისევ ჩვენი ბიჭები შეეწირებიან. ამერიკის ასეთი მეგობრები და პარტნიორები თუ ვართ, რუსეთის გულის გასახეთქად ამდენი ხანი უვიზო რეჟიმი რატომ არ მოგვცა? ჩვენდამი მეგობრობა და პარტნიორობა ტექნიკის გამოგზავნაში მდგომარეობს? ჩვენ რომ გვჭირდება, მათაც ვჭირდებით, თორემ ტყუილად აქ არავინ არ ჩამოვა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): ასეთი ვიზიტები ერთ დღეში არ იგეგმება. ალბათ დიდი ხნის დაგეგმილია. გასაკვირი არცაა, რადგან ჩვენ ასე ვიქცევით, ისინი როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე იქცევიან. რუსებისგან კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ამერიკასთან დაახლოება რესეთის მხრიდან სერიოზულ საფრთხეს შეგვიქმნის.

     

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): გასაგებია, რომ როგორც კლასიკური ოკუპანტი, "დემოკრატიულად" იქცევა. შესაბამისად, ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს იმ საკმაო მხარდაჭერის ფონზე, რომელიც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით გამოხატა. თუმცა საბჭოთა კავშირის ნგრევა ყველას კარგად გვახსოვს, რაც ძირითადად ამერიკის დამსახურებაა. მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები. რუსეთი მხოლოდ იარაღით შორს ვერ წავა.

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): უკვე არა პოლიტიკური, არა დიპლომატიური და სიბეჩავისკენ მომწოდებელი გახდა ზოგიერთი პოლიტიკოსის მოწოდება იმის შესახებ, რომ პუტინს ნუ გავაღიზიანებთ. როდესაც ამერიკის სამხედრო ტექნიკამ ფოთიდან თბილისამდე მარშით გაიარა, გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ ეს ამერიკული ტექნიკის დემონსტრირების შედეგია. პუტინმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთში ჩადის. ქართული ანდაზა ამბობს, რომ მშიშარა ძაღლი მთვარეს უყეფდაო. უმთავრესი ვაი იქ არის, რომ რუსეთს ჩვენი სამშობლოს 20% - აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული აქვს. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ ამერიკის ტექნიკამ პუტინი გააღიზიანა, სასიკვდილოდ განწირული კაცის ამონაკვნესია. ახლა რაც შეეხება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, სხვათა შორის პენსი ძალიან გაბედული კაცი ჩანს, რადგანაც ამერიკის უმაღლესი რანგის არც ერთ პოლიტიკოსს ასე გაბედულად, თუ გნებავთ, შემტევი პოზიციიდანაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ დაუცავს. მომეწონა ჩვენი სტუმრის გაბედულება. მაგრამ როცა ვნებები დაცხრა და ამერიკელი სტუმრის თვითმფრინავი მიწას მოსწყდა, მაშინ გავიფიქრე, მერე რა იქნება? 25 კილომეტრში მდგარი რუსი ჯარისკაცები მცოცავ ოკუპაციას ხვალაც გააგრძელებენ. ისინი ამას შარშან, შარშანწინ და წელსაც აკეთებენ. ერთადერთი პოზიტივი მთელ ამ საქმეში ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკამ სანქციები გაამკაცრა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ეს ცოტა იმედს მაძლევს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter