სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    04.09.2017

    პროფესიული თეატრებში გამოცხადებული კონკურსის გამო, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწვავე ბრალდებების სამიზნე გახდა. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია ქეთი დოლიძე, რომელიც ამ გადაწყვეტულებას მიხეილ გიორგაძის მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებს და თეატრიდან საერთოდ წასვლას გეგმავს.

    რეჟისორი ქეთი დოლიძე ასევე წუხს რომ მანანა ბერიკაშვილმა და ნინელი ჭანკვეტაძემ "თავიანთი ნამდვილი სახე აჩვენეს".

    "ძალიან მიკვირს ნინელი ჭანკვეტაძე იმ ათ ხელმოწერაში რომ აღმოჩნდა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო. თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ ამ განსაცდელისთვის, რადგან დამანახა ყველას სახე.

    "მიკვირს მანანა ბერიკაშვილს, რომელიც დუმს და ხმას არ იღებს. თუ ამდენი პრობლემა გროვდებოდა, სამინისტროში ჩემს წინააღმდეგ რატომ ერთხელ არ ამოიღო ხმა?!...", - განაცხადა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ქეთი დოლიძემ.

    რამდენად სამართლიანია, ქეთი დოლიძის მოხსნა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგან, თუ კანონთან მიმართებაში აქვს დარღვევები, ეს გასარკვევი და მერე დასამტკიცებელია. როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს კიდევ, მგონი ცუდი არაფერი გაუკეთებია, რადგან ფესტივალებზე გამარჯვებები, გასტროლები, წარმატებები - ეს სამხატვრო ხელმძღვანელისთვის დადებითია.

    "როგორც ჩანს, აქ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და ძალიან მწყდება გული, რადგან ქეთი თეატრიდან ასე მოსაფრიალებელი ნამდვილად არ იყო."

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): "მარადიული არაფერი არ არის, ყველაფერი იცვლება. სამართლიანობა არაფერ შუაშია, ყველაფერი ცვალებადია და ყველა უნდა შეეგუოს, რომ არც პოლიტიკაში და არც სხვაგან მარადიული არაფერია. მხოლოდ ხელოვნებაა მარადიული. დოლიძეც ხელოვანი ქალია და აკეთოს თავის საქმე."

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "არ მიმაჩნია სამართლიანად, რადგან მას არავითარი დარღვევა არ აქვს, როგორც აუდიტიდან ირკვევა. მისი საქმიანობა იყო მაქსიმალურად წარმატებული ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარდა პიროვნული შეუთავსებლობისა, მე მისი გაშვების სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. შესაბამისად, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები."

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "სიმართლე გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქეთი დოლიძე დიდ ხელოვანს წარმოადგენდეს ქართული თეატრისა და კინოსთვის. დოლიძის ღირსება ის არის, რომ ის სიკო დოლიძის შვილია. ვერ წარმომიდგენია რა დამსახურება აქვს მას თეატრში.

    "თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი იგი პოლიტიკამაც გაიტაცა და გულდამწვარი შევარდნაძისტი იყო, რომლის პერიოდშიც ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა და თავიც გამოიჩინა.

    "თეატრი, კინო და ხელოვნების სხვა დარგები მოითხოვენ განახლებას და როგორც აქამდე მოდიოდნენ ახალი ძალები - მეცხრამეტე საუკუნეში, მეოცე საუკუნი 20-30-იან წლებში - ისევე უნდა მოვიდნენ ახლაც. ქეთი დოლიძე, როგორც მსახიობი და ხელოვანი, არის წარსული და მან ახლა ახალ ძალებს უნდა დაუთმოს გზა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter