სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    14.09.2017

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.

    როგორც იზორიამ განაცხადა, წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს.

    "ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ანტიკონსტიტუციურია, უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა აქვს.

    "ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა", - ამბობს იზორია.

    ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სამხედრო წვრთნას ატარებს. წვრთნაში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, სამასზე მეტი სპეცტექნიკის ერთეული მონაწილეობს, მათ შორის "გრადის" სარაკეტო სისტემებიცაა ჩართული.

    ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისგან რა საფრთხეს უნდა ველოდოთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): ქართული ანდაზა არსებობს, რომ კატის თამაში თაგვისთვის სულთან ბრძოლააო. ესე იგი, კატა თაგვს რომ დაიჭერს და ათამაშებს, ეს კატა თამაშობს, თორემ თაგვისთვის სულთან ბრძოლაა.

    ჩვენი მდგომარეობაც ასეთია. რუსეთის სამხედრო მანქანა საქართველოს საზღვრებთან რამდენჯერაც გაფაჩუნდება, რა თქმა უნდა, სწორად უთქვამს ლევან იზორიას, ჩვენთვის ეს მოსალოდნელ საშიშროებაზე უფრო მეტია.

    საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიოში დედამიწის ყველაზე დიდი აგრესორის, რუსეთის შემაკავებელი დიპლომატიურ-პილიტიკური და ეკონომიურ-ფინანსური მექანიზმი ჯერ კიდევ არ არსებობს.

    რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც რასაც უნდა, იმას აკეთებს. მაგრამ, დღევანდელი მსოფლიო რომ გასაცოდავებულია თავისი ამერიკით, ამაზე ძალიან ნათლად მიგვანიშნა უკანასკენლი დღეების ერთი უპასპორტო კაცის ვოიაჟმა. ამის შემდეგ რაზე უნდა ილაპარაკო?!

    მსოფლიოში ყველაფერი მოშლილია. საქართველოს საფრთხე უკანასკნელ პერიოდში ათმაგადაა გაზრდილი.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): რეალურად არ ვიცი, რა საფრთხეს შეიცავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმიტომ კეთდება, რომ ჩვენ ასე ვიფიქროთ, ავღელდეთ და შეგვეშინდეს. ასევე რუსეთმა კიდევ ერთხელ გაგვახსენოს, რომ მტერია, ჩვენთან სხვანაირად ვერაფერს გახდა და თუ საჭირო იქნება, თავს კიდევ დაგვესხას.

    ალბათ ასეა, აბა სხვა რა უნდა იყოს. ეს სპეციალურად კეთდება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რამე ხომ არ დავთმოთ, რომ რუსეთი არ გავაბრაზოთ. მგონი, ამ ყველაფერში ასეთი ლოგიკაა.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისაგან საქართველოს ოკუპირებულ და მოსაზღვრე ტერიტორიაზე ასეთი სამხედრო წვრთნები ყოველთვის საფრთხის მაჩვენებელი იყო.

    თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი გავიხსენოთ. მაშინ, წინა პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიის ზოლსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი წვრთნები ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია, ბუნებრივია, ასეთი საფრთხე არსებობს.

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): არა მგონია, ასეთი რამ მოხდეს. ჩვენზე უფრო გათვითცნობიერებული, რა თქმა უნდა, მინისტრია, მაგრამ არა მგონია, ამას ფართომასშტაბიანი სახე ჰქონდეს. რაღაც პატარ-პატარა პროვოკაციები შეიძლება, მოხდეს.

    იმ მხრივ, როდესაც მტრული სახელმწიფო შენს საზღვრებთან ახლოს ასეთ წვრთნებს ატარებს, ჩვენი საჯარისო შენაერთები ძალიან მობილიზებული უნდა იყვნენ, რომ პროვოკაციები გამოირიცხოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter