სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    02.10.2017

    სერბ კინორეჟისორ და მუსიკოს ემირ კუსტურიცას კონცერტი, რომელიც 8 დეკემბერს სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, გადაიდო და ბილეთების გაყიდვაც დროებით შეჩერდა. კუსტურიცა საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება მზაობას, რომ ის საზღვარზე შემოუშვან და რაიმე პრობლემები არ შეექმნას.

    მიზეზი ისაა, რომ 2009 წელს კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც მას ვლადიმირ პუტინის დაკვეთით ომზე ფილმი უნდა გადაეღო. ეს ინფორმაცია მაშინ რუსულ მედიაში დაიწერა.

    გარდა ამისა, რუსულ მედიაში იწერებოდა ისიც, რომ სერბმა ხელოვანმა საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში. 2016 წელს კუსტურიცას რუსეთის პრეზიდენტისგან მეგობრობის ორდენიც აქვს მიღებული.

    "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით, ცხინვალის რეგიონში შესვლა ნებადართულია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია და ისჯება სს კოდექსით. ამ კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა აქვს. ემირ კუსტურიცა კი ცხინვალში 8 წლის წინ იყო და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამყოფი ადამიანი შს სამინისტრომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საქართველოში შემოუშვა.

    რას იზამს ამჯერად სამართალდამცველი ორგანო, უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი "კანონის შესაბამისად იმოქმედებენ".

    "ნო სმოკინ ორჩესტრა", რომლის ლიდერიცაა ემირ კუსტურიცა, საქართველოში "არტ მედია გრუპს" ჩამოჰყავს, რომლის ხელმძღვანელ ლელა ასლანიკაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კუსტურიცას ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტება გახდა საჭირო და "კუსტურიცა ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან მზაობა მისი სტუმრობისთვის".

    უნდა გაიმართოს თუ არ საქართველოში ემირ კუსტურიცას კონცერტი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ჯემალ ჭკუასელი("ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):"ძალიან საწყენია, მაგრამ ალბათ ვერ ავუკრძალავთ. ისე, მე მთავრობის ადგილზე რომ ვიყო, არ შემოვუშვებდი. მე არ შემოვუშვებდი... საზღვარზე ის არ უნდა შემოუშვან".

     

     

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი):"არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმართოს. კატეგორიულად არა! მე თავიდანვე არ ვიყავი ამის მომხრე. ის არის იმპერიალისტი, გათახსირებული კაცი. ჩემთვის კუსტურიცა ისეთივე გარეწარია, როგორც ვალერი გერგიევი (რუსი დირიჟორი). ორივე არის თაღლითი, იმპერიალისტი და პუტინის ყველა ქმედების გამამართლებელი.

    "თუმცა ალბათ ჩამოიყვანენ, ჩვენ ხომ ქვეყანა არ ვართ. გერგიევიც ხომ აპირებს ჩამოსვლას და ეს კიდევ ერთი უბედურებაა. უღირსებო ქვეყანა გავხდით. "ქოცებს" მეტი აბა რა შეუძლიათ".

     ზაზა შათირიშვილი(ფილოსოფოსი):"ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია და ძალიან მომწონს მისი შემოქმედება. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მე არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს. მისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ასეთია ჩემი პოზიცია.

    "პრესტიჟის ცნება არ მესმის. მე ვიცი, რა არის ღირსება და ის აქვს ადამიანს. ქვეყანას აქვს ინტერესები, პოლიტიკური და რას იზამს, ეს უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ. მე კერძო ადამიანი ვარ და ჩემთვის ხელოვანის პირადი მოსაზრებები არ არის საინტერესო. მე მაინტერესებს მისი შემოქმედება".

     ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი, პუბლიცისტი):"არ უნდა გაიმართოს კონცერტი არც კუსტურიცასი და არც სხვები არ უნდა ჩამიდიოდნენ, ვინც ღიად მხარს უჭერენ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას და ვინც დადიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოსთან შეუთანხმებლად.

    "არ მგონია, რომ ამას ვადის გასვლა უნდა შველოდეს. ქვეყანამ პრინციპულობა ყოველთვის უნდა გამოიჩინოს და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით კუსტურიცას მიმართ, რომელიც არის პუტინიზმის და რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდისტი.

    "თუმცა, ძალიან სამწუხაროდ, ცუდი გამოცდილება გვაქვს, რუსი პოლიტიკოსებიც კი, ნორმალურ ქვეყანაში სრულიად მიუღებლები, აქ ჩამოდიან და ქეიფობენ. ამიტომ გამიჭირდება რაიმეს წინასწარმეტყველება, მაგრამ სასურველი იქნება, კუსტურიცა არ შემოუშვან".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter