სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    07.10.2017

    "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მის კონკურენტ ალეკო ელისაშვილთან პირისპირ დაჯდომაზე უარს აცხადებს, თუმცა მზადაა, ყველა კანდიდატთან ერთად იდებატოს.

    "ოცნების" შტაბმა გუშინ განცხადება გაავრცელა და ყველა ძირითად მედიასაშუალებას შესთავაზა, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

    აღნიშნული წინადადება კანდიდატთა უმეტესობისთვის მისაღებია, მათ შორის ალეკო ელისაშვილისთვისაც, მაგრამ ამას "აჯაფსანდალს" უწოდებს და მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.

    "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, კალაძის შეთავაზება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, როცა დავით ნარმანია მერობის სხვა კანდიდატებს საერთო ეთერში მონაწილეობას სთავაზობდა. უდუმაშვილის განცხადებით, კანდიდატი მედიას დებატების ფორმატს არ უნდა კარნახობდეს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის. მაგრამ პირადად მზად არის, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

    რამდენად მისაღებია თბილისის მერობის კანდიდატების დებატები "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ ფორმატში? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "თუ კახი კალაძემ თქვა - დავსხდეთ ყველანი ერთად და ერთმანეთს კი არ ვეკინკლაოთ, არამედ ვუპასუხოთ ამომრჩევლის ან ჟურნალისტების შეკითხვებს, ეს ძალიან სწორი პოზიციაა.

    "არ გვაქვს კამათის კულტურა და როდესაც ორი კაცი ჯდება ერთმანეთის პირისპირ, მაშინვე გადადიან შენობით ლაპარაკზე, მერე იწყებენ მკლავებზე ყურებას. ეუბნებიან - გამოდი ახლა და მე შენ გაჩვენებ სეირსო და ორივე მხარე დამარცხებული რჩება.

     

     ნუცა ჯანელიძე(მუსიკათმცოდნე): "ძალიან კარგი. იქნებ ამით ხალხმა რაღაც მოისმინოს. მთავარია, არ იჩხუბონ და კამათის კულტურა გამოიჩინონ. თუ იქნება არგუმენტები და მტკიცება, სიამოვნებით ვუყურებ."

     

     

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "ამას რა მნიშვნელობა აქვს, კალაძე სად და ვისთან დაჯდება დებატებში?! იგი მაქსიმალურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ახლა ცდილობს, თავისი უპირატესობა ამით დაამტკიცოს. ზოგადად, დაჯდეს ყველა კანდიდატი ერთად, არ არის პრობლემა."

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "როდესაც მერობაზე იყრის კენჭს კანდიდატი, იქნება კალაძე თუ ნებისმიერი სხვა, მზად უნდა იყოს დებატებისათვის ნებისმიერ ფორმატში. თუ არ თანხმდება, ეს უკვე მისი შეცდომაა. ყველასთან ერთადაც და ცალ-ცალკეც შეიძლება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter