სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    02.11.2017

    შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე, ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდედესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

    მან ესტონეთის პრეზიდენტსა და დელეგაციას საქართველოს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბებს.

    პრემიერის განცხადებით, ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი.

    რას თვლით ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ მიღწევად? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი) ასოცირების ხელშეკრულება ერთ-ერთი უმთავრესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია, ევროპასთან ურთიერთობისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, ევროპას თვითონ აქვს უმძიმესი სიტუაცია.

    აქედან გამომდინარე, ბევრი რამ დამაფიქრებელია - ზუსტად იმავე გზით არის სიარული საჭირო, თუ რაღაც შესაცველია. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ასე ბრმად სადღაც გადაშვება არ შეიძლება. საჭიროა დაფიქრება იმ თავისებურებებზე, რაც საქართველოს აქვს.

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება დადებითი მოვლენაა ქვეყნისთვის, მაგრამ მეორე საკითხია, ხელისუფლება როგორ წარმართავს ამ პროცესს, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.

    მიმაჩნია, რომ არასწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა და ის უპირატესობები და შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა, ჩვენ ვერ ვიყენებთ. ასე რომ, ამ ხელშეკრულებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს. ევროკავშირში შევედით მაშინ, როცა იგი იშლება.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): თუ შევადარებთ 15-20 წლის წინანდელს, რა თქმა უნდა, წინ ვართ ამ მხრივ. შეიძლება, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ ვიყოთ.

    მაგრამ ჩვენ როგორც გვინდა, ისე არ ვართ, იმიტომ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. სასამართლო არ არსებობს და არჩევნებზე რა ხდება, ვხედავთ. ასე რომ, ევროკავშირამდე შორს ვარ.

    თუ მოვინდომებთ, გვექნება და მივაღწევთ, მაგრამ მონდომებას ვერც მთვარობას ვატყობ მაინცდამაინც და ვერც საზოგადოებას.

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): შეიძლება, ჯერ განსაკუთრებული არაფერი არ ჩანს, მაგრამ როცა ამ გზაზე დგეხარ, იქ ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები სხვანაირად დაიწყებენ ფიქრს და გავთავისუფლდებით რუსული გავლენისგან.

    ევროპისთვის დამახასიათებელია კანონიერება, სამუშაოსადმი სხვა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის მომავლისათვის. აი, ეს არის ევროპული ინდივიდუალიზმი. როცა უკვე გამოვდივართ რუსეთის გავლენისგან, აი, უკვე ეს არის დიდი მიღწევა ჩემთვის პირადად.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter