სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    29.12.2017

    სემეკი კომუნალურ გადასახადებს აძვირებს. უკვე მოიმატა წყლისა და დენის ტარიფმა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კომუნალური ტარიფები განახევრდებოდა, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ "განახევრება, რა თქმა უნდა, არ გამოვა, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს." ახლა კი ტარიფები არათუ ნახევრდება, არამედ, პირიქით, ძვირდება კიდეც.

    როგორ ფიქრობთ, "ოცნების" მაშინდელი დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე წინასაარჩევნო ხრიკი იყო თუ არასწორი გათვლის შედეგად დაშვებული შეცდომა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე) :როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ეს იყო წინასაარჩევნო ფუჭი დაპირება, რომლისაც, სიმართლე გითხრათ, არ დამიჯერებია. ამას ემატება ისიც, რომ არათუ არასწორად იყო გათვლილი, არამედ სრულიად უუნაროა მთავრობა, რომელმაც აიღო ქვეყანაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ამის მაგივრად, კატასტროფული სიჩქარით წაიყვანა უკან.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):რა თქმა უნდა, არ იყო გათვლილი და გააზრებული ფასწარმოქმნის პროცესი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კომპანიებმა იქონიეს გავლენა ხელისუფლებაზე. ამასთან, ელექტროენერგია ძვირია, მაგრამ წყალი საჭიროებს ინვესტიციებს და გაცილებით მეტ ყურადღებას კომპანიის მხრიდან და როგორც უნდა დათვალოთ, წყალი არ არის ძვირი საქართველოში.

    ზოგადად, მსოფლიოში ყველგან ძალიან ძვირია წყალი და აწი უფრო მეტად გაძვირდება. იმის თქმა, რომ წყალს მიაქვს საქართველო და რატომ უნდა გადავიხადო ამდენი, ნიშნავს, რომ მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რომ წყალი არის რთული პროდუქტი. ეს არ არის სოფლის წყარო, არამედ არის ათობით კილომეტრიდან წამოღებული, დამუშავებული, განაწილებული და ა.შ.

    ვფიქრობ, ერთნაირი მიდგომა არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ელექტროენერგიის გაძვირებისგან, ხოლო წყალთან მიმართებით, არ მგონია, რომ ჯერჯერობით კატასტროფულ ზღვარს მივადექით.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო, რამაც ჩვენი ხალხი იმდენად შეურაცხყო, რომ ვერც კი ხვდებიან და ხმასაც კი არ იღებენ. დაამონეს და მათხოვრებად აქციეს. ეს იყო დანაშაული და არა შეცდომა, "ქოცების" თვისებაა, დანაშაული ჩაიდინონ და მერე შეირჩინონ, რადგან ასეთი ხალხია. მოსულები არიან ფულის საკეთებლად, ამიტომ ეს არის დანაშაული და ვისაც "ქოცებთან" ურთიერთობა აქვს და ამართლებენ, ისინიც დამნაშავენი არიან ამ კრიმინალების ხელისუფლებაში მოყვანისთვის.

     

     გივი სიხარულიძე პოეტი, მსახიობი): მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივისცემა მაქვს მთავრობის მიმართ და მჯერა, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებას წინ წასწევენ და უკეთესობისკენ შეცვლიან, ეს გადაწყვეტილება დამანგრეველია.

     

     

     

     ნატო გელაშვილი (მომღერალი):ვერ გეტყვით, მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული. ფაქტია, ცუდია, რომ ძვირდება და ამაზე კარგიაო, ვერავინ იტყვის. როგორ და რატომ, ამაზე ვერ გიპასუხებთ ან რა მნიშვნელობა აქვს. რომ ძვირდება, ეს არის ცუდი და მნიშვნელოვანია, რამენაირად დაარეგულირონ ეს ყველაფერი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved