სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    01.02.2018

    ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი დადგეს. დღევანდელი მოცემულობით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ლიკვიდაციას დაექვემდებარა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან - ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა.

    ამასთან, როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოც უქმდება.

    პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.

    "ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუკი ანალიზის შემდგომ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ კოორდინაციის ან დაგეგმვის პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დამატებითი ორგანო ან სტრუქტურა, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ.

    "მე მიმაჩნია, რაც ღიად გამოვხატე, რომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი ხედვა ყველა მიმართულებით - განსაკუთრებით, როცა საქმე თავდაცვას და უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ იქ, სადაც საჭიროა ერთიანი ხედვა, საჭიროა ერთიანი საინფორმაციო ველი და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. მთავრობას ეს შეუძლია. მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო და ის ყველა შესაბამის უწყებას ითავსებს.

    "მთავრობას შეუძლია, ეს მთავრობის ფარგლებში გააკეთოს, თუმცა, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, არამედ სხვა მიმართულებითაც წარმოაჩენს ერთიან ხედვას, თუ როგორ უნდა მოახდინოს ქვეყანამ რეაგირება.

    "ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებიც არიან ჩართული. ეს არ არის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილების მიღება აჩქარებულად შეიძლება. მუშაობა მიმდინარეობს და ანალიზი გვანახებს, რამდენად არის დღეს ამის გადაუდებელი აუცილებლობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.

    ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით უნდა შეიქმნას თუ არა სპეციალური ორგანო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): აქამდე უკვე არსებობდა მსგავსი ორგანოები, ერთი პრემიერ-მინისტრის, მეორე პრეზიდენტის აპარატში. ან ერთი რა ფუნქციას ასრულებდა ან მეორე?!

    დამატებით მსგავსი პროფილის ორგანოს შექნა რას მოიტანს, არ ვიცი. უმჯობესია, არსებულმა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, ვიდრე კიდევ ახალი შეიქმნას.

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი) ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ გააჩნია, როგორ იმუშავებს ეს ორგანო და რაც მთავარია, არ იყოს დამატებითი უწყება, რომელიც მხოლოდ ბიჯეტიდან თანხებს მიიღებს. ამან უნდა გაამართლოს. გააჩნია, რა ფუნქციები ექნება მას.

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): არა მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს ეგ ამბავი. მთავარია, გაიზარდოს იმ ორგანოების ეფექტურობა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უკვე მუშაობს და არა დამატებით კიდევ სხვა უწყებები შეიქმნას.

     

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ხომ არსებობს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებები და რა საჭიროა კიდევ დამატებით სხვა უწყების შექმნა? ჯობია, ერთი იყოს და იმან იმუშაოს კარგად, ვიდრე კიდევ ახალი შეიქმნას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved