სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    14.04.2018

    "ქართული ოცნება" შიდა დოკუმენტის მიღებას აპირებს, რომლითაც, როგორც დეპუტატები განმარტავენ, პარტიის შიგნით ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება.

    პარლამენტარ სოფო კილაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ნებაყოფლობითობის პრინციპს დაეფუძნება.

    "ცხადია, ყველას აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი გუნდის შიგნით, თუ გუნდის გარეთ. საუბარი არის კონკრეტულ წესებზე, რომელზეც ნებაყოფლობით ყველანი ერთად შევთანხმდებით. აქ მხოლოდ ნებაყოფლობითობაზეა საუბარი. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს თამაშის წესები პოლიტიკური პარტიის შიგნით. ამ წესებს სცემენ პატივს და ეს არ ითვლება დემოკრატიის შეზღუდვად.

    "არსებობს ელემენტარული წესები, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. საუბარია პარტიის შიდა დოკუმენტზე, რომელიც იქნება ყველას შეთანხმების საგანი ნებაყოფლობითობის საფუძველზე. უნდა არსებობდეს წესები, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ - ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება", - განაცხადა კილაძემ.

    ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "რაღაც ქაღალდებით გამაგრება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ".

    "თუკი ჩვენი ქცევა ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერავითარი საბუთი ვერ დამაკავებს, რომ ამ წესებს დავემორჩილო. თუკი ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების ინტერესებში, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ვემორჩილები.

    "რაღაც ქაღალდებით გამყარება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანს გააჩნია სიტყვა, შინაგანი ენერგია და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

    მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა თქვენთვის უფრო მისაღები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კონომცოდნე): "ყოველთვის ვარ იმ ადამიანების მომხრე, რომლებიც ვიღაცას აკრიტიკებენ და თან სამართლიანად. ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. პარტიის შიგნით ყველაზე კარგად იციან სინამდვილაში რა ხდება და მათ ყველაზე მეტი უფლება აქვთ შეინიშვნები მისცენ ადამიანს, რომელიც იმ პრინციპებს არღვევს, რომელიც პარტიას აქვს დასახული. ანუ, კრიტიკოსთა პოზიციებს ვემხრობი."

     ქეთი ბექაური (იურისტი): "მგონია, რომ ეს დაპირისპირება ერთჯერადი იყო. თითოეული დეპუტატი თავის მანტიას უნდა გაუფრთხილდეს, რომელიც ხალხმა მიანჭია. ცუდი არ იქნება, თუ დეპუტატთა ქცევის წესი შემუშავდება.

    "ვერ ვიტყოდი, რომ მმართველ პარტიაში რამე ისეთი დაპირისპირება არსებობდეს. რაც იყო, ჩაცხრა. თავს გაართმებენ და არ ვფიქრობ, რომ დაიშლებიან და ვინმე სადმე წავა. მგონია, რომ ფოფხაძეც ბრუნდება გუნდში და არსად წასვლას არ აპირებს."

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ჩვენს საქმე გვაქვს პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავისი მოქმედებისას დიპლომატიის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდნენ. მე აქ დიპლომატიას ვერ ვხედეავ.

    "გასაგებია რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი, ეს ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებული საკითხია. ისიც გასაგებია, რომ ფოფხაძეს არ უნდა ზედმეტად ლიბერალური ფსევდო დემოკრატიის შემოტანა, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურებში და ტელევიზიაში. მაგრამ, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა არის არადიპლომატიური.

    "არსებობს დიპლომატიური ენა, რომელსაც პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ფლობდეს და არ უნდა ამბობდეს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "დისციპლინა". აქ საჭიროა კერექტული, დიპლომატიური გამოსვლა, მაგრამ არ მიკვირს, რომ ის ასე საუბრობს, რადგან მას დიპლომატიის სკოლა არ გაუვლია.

    "ყველა პარლამენტის წევრმა და მინისტრმა უნდა გაიაროს სამ თვიანი დიპლომატიური კურსები, რომ პოლიტიკური ენა ისწავლონ, რადგან მათ ეს არ იციან და ერთმანეთისადმი მიმართვა დაახლოებით ქუჩური აქვთ. აქედანაა ეს ყველაფერიც."

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "საერთოდ, საპარლამენტო მუშაობა გულისხმობს დეპატებს და დისკუსიას ნებისმიერ საკითხზე. მაგრამ, როდესაც მმართველ გუნდზეა საუბარი, ამ დროს განსხვავებული შიდა პოზიციები კარდინალურ საკითხებში შეიძლება გარკვეულწილად არასტაბილურობის გამომწვევი იყოს. ამაზე უნდა დაფიქრეს ყველა, თორემ, რასაკვირველია, ყველა ერთაირად რომ აზროვნედეს, მიუღებელია.

    "აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რაკი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა, მან უნდა გამონახოს საერთო ენა ყველა დეპუტატთან და რაკი დეპუტატები პასუხისმგებლობას გრძნობენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისინიც თავის განცხადებებში მოზომილნი უნდა იყვნენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (20.04.2018)
    ბექაურს, ქ-ო იურისტო, ე.ი. აზროვნების ნატამალი არ გაგაჩნიათ, თუ ვერ ამჩნევთ, რომ რა ვაკხანალიაა მმართველ პარტიაში, დიდხანს მალეს, მაგრამ ვეღარ დამალეს. ამდენად ორივე ე.წ. ფრთა სრულ არარაობას წარმოადგენს! აქედან დასკვნა: თავშიც ქვა უხლიათ> პატივისცემით, გონდაკარგულებო.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved