სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    03.05.2018

    მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის დებატებში პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

    "მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა, დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა.

    გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი იქამდე დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის პერმანენტულად საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა.

    უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის შენობა? ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბუღაძე (მწერალი): მე ამ ნაბიჯს ვერც ცუდს და ვერც კარგს ვერ ვუწოდებ. უძალო ადამიანის ქმედებებია და მეცოდება. მან დრო დაკარგა, ძალიან დააგვიანა, ყოფილიყო პრინციპული, ქმედითი, აქტიური.

    უდავოდ ნიჭიერი კაცია, როგორ ვთქვა ცუდი, მას შეეძლო, ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოში, გასვლას სიმბოლურად აღვიქვამ, როგორც ბრძოლის ველის დატოვებას, ანუ ვერ შეასრულა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, რისი პოტენციალიც ნამდვილად ჰქონდა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, არ იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ არც პარლამენტი მოიქცა სწორად. პრეზიდენტის დებატებში ჩართვა რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ რადგან ეს მარგველაშვილის ბოლო გამოსვლა იყო, შეეძლოთ, გარკვეული კორექტირება შეეტანათ.

    თუ ეს არ გაკეთდა, პრეზიდენტი მაინც ბოლომდე უნდა დარჩენილიყო და საბაბი არ მიეცა მათთვის, ვინც ეუბნება, რომ პარლამენტს პატივს არ სცემს.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): არ უნდა დაეტოვებინა შენობა, უნდა დარჩენილიყო და მოესმინა კრიტიკა, მწარე მოსასმენი იქნებოდა თუ ტკბილი, ტყუილი თუ მართალი. თან, რეგლამენტიც არ ითვალისწინებდა მის მოთხოვნას.

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): რეგლამენტი პრეზიდენტის დებატებში ჩართვას არ ითვალისწინებს და ეს მან იცოდა. შეეძლო ეთქვა, რომ შეცვლილიყო კანონი, წინასწარ დაეყენებინა საკითხი. ამ ნაბიჯს სერიოზულს ვერ ვუწოდებ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved