რეზონანსი
13.08.2020

"ვერ არის კარგად!" - ქართველი სანიტარი, რომელიც ან ფრაზით ერთ დღეში პოპულალური გახდა მარინე დარბიაშვილი გახლავთ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, როდესაც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა. კლინიკიდან ირანის მოქალაქე გამოვიდა და იქვე, კართან მყოფ ჟურნალისტებთან საუბარი გააბა. ახალგაზრდა მამაკაცი ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდა და გაიძახოდა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია.

ამ ინტერვიუს დროს გარეთ კლინიკის პერსონალი გამოცვივდა, ერთ-ერთმა სანიტარმა ქალმა ირანელს ხელი სტაცა, ვერ არის კარგადო - ჟურნალისტებს მიაძახა და საავადმყოფოში ფაქტობრივად ძალით შეაბრუნა. ეს კადრები ყველა ტელეკომპანიამ აჩვენა და სოციალურ ქსელებსაც ვირუსივით მოედო, სიტყვები კი - ,,ვერ არის კარგად!" - ფრთიან ფრაზად იქცა.

მარინე დარბაიშვილი ყვება რა მოხდა იმ დღეს.

"გარეთ რომ გავიდა, ჟურნალისტებთან დადგა და კარგ განცხადებას აკეთებდა - მთელ კოლექტივს მადლობას გვიხდიდა. კარგი იყო, რომ მადლობას გვიხდიდა, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, ვალდებული ვიყავი, შემომეყვანა. მეორე სართულიდან სანამ ჩამოვედი, ჩვენი ორი თანამშრომელიც გავიდა მასთან და შემოსვლა სთხოვეს, მაგრამ არ შეჰყვა. ამ ხმაურზე რომ ჩამოვედი, ექთანმა მითხრა, მარიკა, რაღა ვქნათ, ვერ შემოგვყავსო. რას ჰქვია, ვერ შემოგყავთ-მეთქი და ხელი წავატანე, რომ მიმეხვედრებინა, უკან შემობრუნებულიყო. მას ჩემი ენა არ ესმოდა, მე - მისი და მუნჯურად ველაპარაკებოდი.

მიმიხვდა და მივხვდი, მეუბნებოდა, ერთი წუთით მაცადეო. სამადლობელო წერილი ჰქონდა დაწერილი და უნდოდა, ბოლომდე წაეკითხა. ვუთხარი, არც ერთი წუთი, ჩქარა, ახლავე პალატაში დაბრუნდი-მეთქი. ყველა ტელეკომპანია იქ იყო. რომ გაიგეს, ვეუბნებოდი, ჩქარა, პალატაში შედი-მეთქი. ის ბიჭი ხომ შევიყვანე და, სანამ კარს მივხურავდი, ჟურნალისტმა მკითხა, ქალბატონო, ეს პაციენტიაო. კი, პაციენტია-მეთქი, ვუპასუხე. ამ დროს ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რას ამბობთ, ეს ვერ არის კარგადო. ანუ მიხვდნენ, რომ ვერ იყო კარგად, რადგან გარეთ გამოვიდა. ამის მერე ვთქვი, ჰო, ვერ არის კარგად-მეთქი. ფაქტობრივად, მას გავეცი პასუხი, თორემ პაციენტს ამას ვერ ვაკადრებდი, როგორიც უნდა ყოფილიყო. რაც არ უნდოდათ, ამოჭრეს და გამოვიდა, რომ მე გავიძახი: "ვერ არის კარგად!".", - განაცხადა მან "სარკესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×