
გარდაიცვალა კიდევ ერთი ემიგრანტი… ბევრი ოცნებები ჰქონდა, მაგრამ დრომ მათი ახდენა არ დააცადა…
„პრაიმტაიმი” ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტს ანა ინალიშვილს ესაუბრა:
„ძალიან დაბნეული ვარ, 29 წლის ქართველი გარდაგვეცვალა, დღეს მისი პანაშვიდი იყო. თორნიკე ლომაური სამუდამო განსასვენებელს კახეთში დაიდებს, ყვარლის რაიონიდან, სოფელი შილდიდან იყო… ახლა, ჩვენ ბარსელონას პროვინციაში, პატარა ქალაქ ბიგში ვართ და სული აქ დალია.
ის 3 წლის წინ, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ჩამოვიდა, ყველა მუშაობდა, არაჩვეულებრივი ოჯახია… გასულ კვირას დაიღუპა. სიკვდილამდე, წინა ღამე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით და დილას გარდაცვლილი დაგვხვდა.
ეს ბიჭი აქ, 2 წელი უმძიმეს სამუშაოზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, წითელ ჯვარში ქველმოქმედების მიზნით მუშაობდა. ის ძალიან კარგი და მორწმუნე ადამიანი იყო. სიცოცხლეში სამშობლოში ვერ გაიცნეს და მინდა, ახლა მაინც იცოდნენ, რომ ესპანეთში კარგი ქართველი, ვაჟკაცი, ღვთისნიერი ბიჭი დაიღუპა.
მას უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა. ამბობდა, ოფიციალური ცხოვრების უფლებას რომ მოვიპოვებ და ფეხზე მყარად დავდგები, ვიქორწინებო. აუცილებლად ქართველი გოგოს მოყვანა სურდა…” – განაცხადა ანა ინალიშვილი.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი