რეზონანსი
27.02.2021

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მიმართავს, გვერდზე გაიწიონ, რადგან განახლებაა საჭირო. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე ტელეეთერში უნდა შეამცირონ გამოსვლები და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში.

„ამდენი წლის მერეც ელემენტარული სიმართლის შეხსენება მაინც საჭირო ყოფილა ზოგი წესიერი ადამიანისთვის: 2007 წ. 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო "არკადის" აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც.

2008 წ. 13 და 20 იანვრის უზარმაზარი აქციები (რუსთაველი/ თავისუფლების მოედანი და იპოდრომი) ბადრის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ "გრეჩიხაზე" ოთხჯერ ნაკლების ხმის მიღებისა და ბადრის გარდაცვალების მერე , არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ჩატარდა. მთელი თბილისი იქ იყო. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 42 პროცენტი აიღო, მიშამ 30- ის მიდამოებში და ბადრიმ დაბალი ერთნიშნა.

ნიკა მელია, მაგალითად, იმ ასიათასიანი აქციების მონაწილე იყო. ვინც იქაც " გრეჩიხას" გამო არ ბრძანდებოდით, თქვენი უფლება იყო. მაგრამ დღეს ამით საკუთარი სიმართლის და გამჭრიახობის მტკიცება ღიმილის მომგვრელია, მეტიც - "აბა გრეჩიხა ჯობდა?" არჩევნების გაყალბების მიღების დოქტრინაა.

ევროატლანტიკური არჩევანის მომხრე იყო ოპოზიციის ამომრჩეველი 2008 წ. იანვრის პლებისციტზე, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის დეკლარირებული პოზიცია შედეგებში აისახა და რუსების აგენტებად თუ გავლენის აგენტებად მაშინდელი ოპოზიციის წამყვანი ძალების მიჩნევა შეცდომაში გაჯიუტებაა.

მომდევნო წლებში 7 ნოემბრის და 20 იანვრის ხელისუფლებიდან უფრო წონიანი ხალხი გაეშურა ჩრდილოეთისკენ და " მწვერვალებიც კი დაიპყრო", რუსულ "ოლიმპზეც " გაიელვა, ვიდრე მაშინდელი ოპოზიციის სუსტმა ფრაგმენტმა შეძლო. მომცრო იყო მისი პოლიტიკური ფასი და მონაგარი მოსკოვში.

ასევე, 2019 წ. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სახელისუფლებო შეფასება ისევე სამარცხვინოა, როგორც უმოწყალო, მრავალსაათიანი დარბევის გამართლება.

მე რომ მარბევენ ცუდია და მე რომ ვარბევ, კარგია - ეს სადაური სამართალია? არადა, ასე გამოსდის ზოგს....არც ერთი ხელისუფლება არ მომწონს, არც მისი ოპოზიცია მომწონს - ამიტომ სახლში დავჯდები - ესაა შექმნილ ვითარებაზე ამ ფრთხილი ხალხის პასუხი?

არც "სირცხვილიას" ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილა ამ ზომიერი ანტი/ ანტი ხალხის მოზღვავება. სამოქალაქო აქტივისტებს რაღას ერჩით? ხელისუფლება უმცირესობაშია. ეს დადასტურდა 31 ოქტომბერს.

დასავლური ღირებულებების ადამიანებიც დიდ უმცირესოსობაშია - აქეთაც და იქითაც საკმაოდაა ორპოლუსიანობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოსურნენი...ოცდაათი წელია, რაც მყარ უმრავლესობაში არიან. ესეც დადასტურდა არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სიმართლე ესაა.

მაინც ეს უმცირესობა( მეტწილად ახალგაზრდები) უზრუნველყოფს ჩვენს გაევროპელებას, მაგრამ მეტი რისკით, მეტი წვალებით. სამწუხაროდ, უფრო გვიან

განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.

ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ( ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.

კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ. ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია. ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია. განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.

ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე", - წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქის" გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )