რეზონანსი
07.08.2022

ადვოკატი იოსებ შველიძე სოციალურ ქსელში რუს ტურისტთან შეხვედრისას გამართულ საუბრის დეტალებს ასაჯაროებს. მისი თქმით, დამსვენებელმა მას დაკარგულ სტუმართმოყვარეობაზე ჰკითხა, რაზედაც საკადრისი პასუხი მიიღო.

„ერთმა რუსმა „ტურისტმა" მკითხა: სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?". მე ვუპასუხე:

რაღაც ნაწილი 1801 წლის ანექსიას ემსხვერპლა, ნაწილი იმ საღებავში გაერია, რომლითაც ქართული ეკლესიები შეღებეთ, ნაწილი იმ ქართულ საგანძურს გაჰყვა, რომელიც რუსეთში გაიტანეთ, რაღაცა ძალით გარუსებულმა ქართველებმა წაიღეს, რაღაცა იმ ციხესიმაგრეების ნანგრევებში მოყვა, რომელიც თქვენ საქართველოში დაანგრიეთ, რაღაცა მარცვალი ქართველმა იუნკერებმა წაიღეს, ზოგი სტალინისა და ორჯონიკიძის ულვაშებმა შთანთქა, რაღაცა იმ ტერიტორიებზე დარჩა, რომელიც თქვენ საკუთარ თავსა და მეზობლებს დაურიგეთ, რაღაცა იმ დენთმა დაწვა, რომელიც „შინსახკომის" ტყვიაში იყო, ნაწილი საქართველოდან თქვენს მიერ ძალით გადასახლებულმა ქართველებმა წაიღეს, ნაწილი ქართული ენისათვის ბრძოლაში გაცვდა, რაღაცა ფეხოსანთა ალესილ ნიჩბებს გაჰყვა, რაღაცა თქვენს მიერ დაფინანსებულმა პუტჩისტებმა წამართვეს, რაღაცა სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის, ცხინვალის, თამარაშენისა და კეხვის ნანგრევებში დაიმარხა, ცოტა გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას და ათასობით ქართველს დავაყარე გულზე, რომელნიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, ნაწილი იმ ქართველებმა გათელეს, რომლებიც თქვენს მიერ მოწყობილ ეთნოწმენდას გამოექცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ნაწილი თქვენს მიერ დანგრეული ეკლესიების ლოდებმა იმსხვერპლა, ნაწილი იმ თვითმფრინავს გაჰყვა უკან, რომლითაც თქვენ ქართველები ნახირივით ჩამორეკეთ საქართველოში, ნაწილი დამენიას, ანწუხელიძეს, შინდისელ ბიჭებსა და სხვა ვაჟკაცებს ჩავაყოლე საფლავში. შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა. სანამ ეს ბრაზი გაღვივებულა, ჯობია გამეცალო და სახლში წახვიდე ან იმ მიმართულებით გაემგზავრო, საითკენაც დადის ნებისმიერი რუსული ტრანსპორტი, განსაკუთრებით გემები...", - წერს იოსებ შველიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×