ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი საინტერესო დეტალებს იხსენებს:
"უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქში და, რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი, განუკითხაობა არსად მინახავს...
გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება... ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირული თანადგომა შეეძლო. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ხალხს ძალიან ჰყვარებია - ეს ასე ხდება, განსაკუთრებით საქართველოში.
მამუკამდე მამამისთან ვმეგობრობდი. მისნაირი კაცის შვილი სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გენო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ისეთივე უანგარო და კეთილი. მამუკაზე 16 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არასდროს ყოფილა.
სასცენო ხელოვნებას მამამისმა აზიარა. ისიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა. მამუკაც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს. ბუთქუნა იყო და სიარული, ძველებურად აქტიურობა უჭირდა, მაგრამ საქმე ხატვით გააგრძელა. მართლაც, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო... გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა, მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რაღაც აწუხებდა. ამიტომაც იყო დიდებული ადამიანი," - აღნიშნა ჟურნალ "გზასთან" ნუგზარ კვაშალმა.
"გზა"
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე