სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    10.12.2013

    მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, რადგან სისტემა სუპერცენტრალიზებულია.

    როგორც ირაკლი მელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქს კიდევ შვიდი თვითმმართველი ქალაქი დაემატება. ესენია: თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.

    მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოდექსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თანახმად, თვითმმართველობას გრანტის აღება მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეეძლება. ამასთან, ამ ეტაპზე სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოები არ შეიქმნება და მათ იურიდიული სტატუსი არ მიენიჭებათ.

    ირაკლი მელაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, რადგან სისტემა სუპერცენტრალიზებულია და ფინანსების 97%, ასევე უფლებამოსილებები ცენტრალური ხელისუფლების ხელშია. ამასთან, როგორც მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ზოგადად, თვითმმართველობის განვითარება ბევრ ქვეყანაში სეპარატისტული ტენდენციების შესაჩერებლად იქნა გამოყენებული.

    "როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თვითმმართველობის რეფორმის გატარება?" - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ზაზა ხუციშვილი  (მომღერალი): ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა მიიღებს, აუცილებელია საზოგადოება ინფორმირებული სწორად იყოს. თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი, რომ თითქოს საქართველოს გახლეჩვა შეიძლება გამოიწვიოს, არამგონია სწორი იყოს, რადგან არსებობს ქვეყნები, სადაც რეგიონებს თავისი კანონმდებლობა აქვს.

    საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს ეს კანონო რა ითვალისწინებს და საბოლოო გადაწყვეტილება მათი ჩართულობით იყოს მიღებული. ძალაუფლების გადანაწილებას მივესალმები, რადგან რაიონებმა თავიანთი პრობლემები თვითონ უნდა განსაზღვრონ.

     ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): თვითმმართველობის რეფორმა აუცილებლად გონივრულადაა გასატარებელი. ჩვენს ქვეყანაში ეს რეფორმა მაინც ახალი ხილია და ამიტომ კანონის აპრობირება უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კი რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს.

     

     

     ალექსანდრე თვალჭრელიძე  (ექსპერტი): თუ გვსურს, რომ საბოლოოდ ევროკავშირში შევიდეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარება აუცილებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების განაწილება უაღრესად ცენტრალიზებულია.

     

     

     მელორ ვაჩნაძე  (უფლებადამცველი): ამ რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რა არგუმენტებიც მოიყვანა, პირადად ჩემთვის მისაღებია. აუცილებელია სხვა რეგიონებსაც განვითარების საშუალება მიეცეთ. რაიონის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი რაიონისთვის უკეთესი და მიზანშეწონილი რა იქნება.

    ისინი თავიანთ რეგიონებში ცხოვრობენ, იქ უწევთ მოღვაწეობა და უფრო კარგად იცნობენ იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს რეფორმა ცუდი არ იქნება. რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა კიდევ იქნება და გარკვეული ცვლილებები შევა.

    ყოველივე ჩამოყალიბებული და საზოგადოებასთან შეთანხმებული იქნება. ვფიქრობ, რომ ამ კანონის შედეგი დადებითი იქნება და არა - უარყოფითი. ჩემთვის გაუგებარია, ამხელა რეზონანსი ამ რეფორმას რატომ მოჰყვა.

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): თვითმმართველობის რეფორმა აუცილებლად იმ ფორმით უნდა გატარდეს, რომ საქართველო არ დააზარალოს. ჩვენი პატრიარქი, საზოგადოების ნაწილი და მათ შორის უმრავლესობიდანაც ამ ყველაფერს განსხვავებულად უყურებენ.

    მიმაჩნია, რომ კანონის მიღება დაჩქარებულად საჭირო არ არის. ამ ეტაპზე მთავარი საარჩევნო პრობლემების გადაწყვეტაა.

    ვფიქრობ, რომ სანამ ამ რეფორმას გაატარებენ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან შესაძლებელია, რომ ამ რეფორმის გატარებამ სერიოზული პრობლემა შექმნას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×