სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    11.12.2013

    ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო დროს პერმანენტულად უფასურდება. მიუხედავად ამისა, მთავრობაში კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურობას სეზონურობას უკავშირებს, მოსახლეობა კი, ვისაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურებას უარყოფითად ხვდება და შიშობს, რომ თუ ვარდნა მომავალშიც გაგრძელდა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

    "საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალება აქვს, რომ არ დაუშვას ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ან გამყარება. შესაბამისად, საპანიკო არაფერია," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

    10 დეკემბრის მონაცემებით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 243 პუნქტით დაეცა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დოლართან მიმართებაში სარეკორდო მაჩვენებლით, 134 პუნქტით დაეცა და 1.7196 ნიშნულს მიაღწია. ლარის ასეთი დაბალი ღირებულება ბოლოს 2011 წლის მარტში დაფიქსირდა.

    ნოემბრიდან დღემდე ლარი 2,8%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 3,4%-ით გაუფასურდა. თუმცა, გაცილებით სერიოზული დევალვაცია - 243 პუნქტით - დღეს ეროვნულმა ვალუტამ ევროს მიმართ განიცადა და ორწლიან მაქსიმუმს, 2.3632 ნიშულს მიაღწია. ევროსთან მიმართებაში კი ლარი ნოემბრიდან 4%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 7,5%-ით გაუფასურდა.

    არის თუ არა ლარის კურსის დაცემა მთავრობის პოლიტიკის ბრალი? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     მერაბ ჯანიაშვილი  (ა/ო "აფბას" წარმომადგენელი): ლარის კურსთან არაფერი კავშირი ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას ანუ მინისტრთა კაბინეტს არ აქვთ. ლარის კურსსა და სავალუტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი და მისი ხელმღვანელობაა. შეიძლება მთავრობის პოლიტიკამ მათზე ზეგავლენა მოახდინოს და ეს პოლიტიკა მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულიც კი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი პასუხისმგებლობის საკითხი ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელობის მიმართ დგება.

    ფაქტია, რომ რატომღაც ეროვნული ბანკი ლარის კურსის დაცემას არ აკავებს და საახალწლოდ ანუ წლის ბოლოს მისი გაუფასურება ხდება. რა თქმა უნდა, ეს ხელოვნურია, რადგან ლარის კურსი ჩვენთან მთლიანად მართვადია და არა მცურავი. ის უფასურდება ხელოვნურად და მყარდება ხელოვნურად. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა რესურსი, რომ ლარის კურსი გააჩეროს.

     ქეთა გაბიანი (კოალიცია "ევროპული  საქართველოსთვის"): ეს ეკონომიკური სისტემის მოშლის ერთ-ერთი შედეგია. ამის მიზეზი ერთდროულად ბევრი რამ შეიძლება იყოს, კონკრეტული ფაქტის გამო ლარის კურსი არ იცვლება. წლების განმავლობაში მონეტარული სისტემა საკმაოდ კარგად იყო გამართული და დიდხანს მუშაობდნენ იმაზე, რომ ლარის კურსი მყარი ყოფილიყო. ახლა ეკონომიკის მთლიანი სისტემის მოშლის შედეგი არა მხოლოდ ლარის კურსის დაცემა იქნება, არამედ კიდევ ბევრი სხვა რამ. სახელმწიფო ფულს აბსოლუტურად უაზროდ ხარჯავს და მალე იმ სტადიამდე მივა, რომ დასახარჯი ფულიც აღარ ექნება.

     გრიგოლ გაგნიძე (ა/ო "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო  ობსერვატორიის" ხელმძღვანელი): მთავრობა ლარის კურსს რამდენად აკონტროლებს, ამის თქმა მიჭირს. ძირითადად კურსს საბანკო სექტორი აკონტროლებს და მას საზღვარგარეთიდან შემოდინებული თანხებით არეგულირებს. ლარის კურსის დაცემა საბანკო სექტორის ხელოვნური პროცესია. არის რაღაც პერიოდი, როცა ბანკი ლარის კურსს სპეციალურად დაბლა წევს და ამით აკონტროლებს, რომ უფრო მეტი დოლარი შეუვიდეს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

     

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის დოქტორი):  ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი არსებული ხელისუფლებაა. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის პოლიტიკის ბრალია და ამისთვის აუცილებლად შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ. ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ნურაფრის შეგეშინდებათ, ეს მცირედი რყევააო, მაგრამ ვხედავთ, რომ პროცესი გრძელდება. ამიტომ, საგანგებო ზომები თუ არ მიიღეს, ვფიქრობ, ლარის საქმე ძალიან ცუდად წავა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved