სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    13.12.2013

    საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის ბოლო საკომიტეტო განხილვა მოეწყო. განხილვაში არ მონაწილეობდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ისინი კოდექსის შემუშავებულ ვარიანტს აკრიტიკებენ.

    თბილისის მერის, გიგი უგულავას თქმით, ამ კოდექსის ავტორებს თვითმმართველობის ფუნქციაზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ. მათთვის თვითმმართველობა ბევრი შეკრებილი ადამიანია, რომელიც მსჯელობს მილზე, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს მილი უნდა ჩაიდოს.

    "თბილისთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში არ ვიცი, რომელი მიმართულებით მიდის უმრავლესობა. თავიდან 33 უბანის შექმნაზე იყო საუბარი, სადაც 10-დან 20 კაცამდე არჩევითი საბჭო იმუშავებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 400-დან 600-მდე არჩეული ადამიანი, დეპუტატი იქნება თბილისში. შემდეგ თითქოს ეს მოდელი გადავარდა. არც საარჩევნო სისტემა არ ვიცით როგორი იქნება და რაც მთავრია, არჩევნები 5 თვეში უნდა ჩატარდეს და არც არჩევნების თარიღს ამბობს ვინმე," - აღნიშნა უგულავამ.

    თვითმმართველობის რეფორმა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასა და ბიუროკრატიული მექანიზმები გაძლიერებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ქეთი დოლიძე  (რეჟისორი): იქ, სადაც ფულია და ადამიანების ჯგუფი რაღაცას განაგებს, იზრდება მათი თაისუფლების ხარისხიც. არ მჯერა, რომ ჯერ ჩვენი საზოგადოება თვითმმართველობის რეფორმისთვის მზად არის. მგონია, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. რა თქმა უნდა, სწრაფვა განვითარებისკენ უნდა იყოს, მაგრამ ამ თვითმმართველობის რეფორმის ასე დაჩქარებულად მიღების წინაარმდეგი ვარ.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  ხარჯები გაიზრდება, მაგრამ სამაგიეროდ ხალხი დასაქმდება. თუმცა, რაღაცეები შესაცვლელი და დასახვეწია. ძველ თვითმმართველობის სისტემასთან შედარებით არ არის გამართული, მაგრამ სპეციალისტებმა უნდა დაიანგარიშონ და გამოაქვეყნონ ანგარიში, რომ ჩვენთვისაც ყველაფერი ნათელი გახდეს. ხალხი წინა მთავრობის დროსაც იყო მერიაში დასაქმებული, თუმცა როგორ მუშაობდნენ, ეს სხვა საკითხია. ახლა მე მჯერა, რომ უკეთესი პირობები იქნება სამუშაოდ და ბიუროკრატიული მექანიზმებიც არ გამოიყენება.

     

     დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): მთავარი ის კი არ არის, თვითმმართველობის ორგანოებს რა ხელფასები და ხარჯები დასჭირდება, მთავარი ისაა, რომ თვითმმართველობის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს და ვერ ვითარდება. თვითმმართველობა ადამიანების ინიციატივის გახსნა და კანონიერების ფარგლებში მათთვის უფლებების მიცემაა. სწორედ ეს ინიციატივები ავითარებს სახლმწიფოს. რა თქმა უნდა, ამას ხარჯები სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში მათვარი ის არის, რომ თვითმმართველობის რეფორმა არასწორად კეთდება, სანახევროდ შემოდის რაღაც კანონი, რომელიც თვითმმართველობის საკითხს არ წყვეტს, გადადგმულია პირველი ნაბიჯი, თუმცა ამ მიმართულებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

    არავითარი ბიუროკრატიული მექანიზმების გართულებაზე საუბარი არ შეიძლება თუ თვითმმართველობა სწორადაა აწყობილი. ქვეყანაში, სადაც თვითმმართველობას არ გააჩნია საკუთარი ექსკლუზიური უფლებები და საკუთარი ფულადი შემოსავალი ამ უფლებების რეალიზაციისთვის, არანაირი პროგრესი მიღწეული არ იქნება. პრინციპებია სწორად დასალაგებელი და მაშინ არ იქნება ბიუროკრატიული მექანიზმები გამოყენებული.

     გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): ამ რეფორმამ შეიძლება დადებითი ან უარყობითი შედეგები მოიტანოს. ყოველგვარ რეფორმას რაღაც ისეთი შეიძლება მოჰყვეს, რაც არ იქნება სასურველი, ამიტომ ყოველთვის დაბალანსება უნდა მოხდეს. რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს გონივრულად უნდა გაკეთდეს. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ახალი ჩინოვნიკების სამუშაო ადგილები შეიქმნას და გაიზარდოს ბოროტ მოხელეთა რაოდნეობა. რაღაცის გაკეთება საჭიროა, თუმცა ამავე დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ რაღაცას დადებითზე მეტად უარყობითი შედეგები არ მოჰყვეს. ეს რეფორმა თუ გონივრულად არ გაკეთდება, მაშინ სჯობს საერთოდ არ გაკეთდეს.

     ნუგზარ კვაშალი  (მომღერალი): თვითონ თუ დაინიშნავენ ისეთ ხელფასებს, რომლებიც თბილისელებს შეიძლება არ ეყოს, ეგ არ იქნება კარგი და მაშინ ადმინისტრაციული ხარჯებიც გაიზრდება, თუმცა ეს ქართული ჭორები უფროა. ვფიქრობ, რომ ქალაქის თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ არ იქნება გამოყენებული ბიუროკრატიული მექანიზმები, ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდასაც ვერ ვივარაუდებ, რადგან არა მგონია ისეთი ხლეფასები დაინიშნონ, რომ გაგვაოცონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×