სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    14.12.2013

    ეროვნული ვალუტა ყოველდღიურ რეჟიმში უფასურდება. მიუხედავად ამისა, მთავრობაში კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურებას სეზონურობას უკავშირებს. მოსახლეობა კი, ვისაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურებას უარყოფითად ხვდება და შიშობს, რომ თუ ვარდნა მომავალშიც გაგრძელდა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანა არ არის ლარის კურსის გარკვეული ნიშნულის შენარჩუნება და არაფერი საგანგაშო არ არის იმაში, რომ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ვარდნას აგრძელებს.

    ლარმა გაუფასურება 8 ნოემბრიდან დაიწყო. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ 1,6793 ნიშნულზე იყო. 13 დეკემბრის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7123-მდე დაეცა.

    რამდენად საგანგაშოდ მიგაჩნიათ ლარის კურსის დაცემა მოსახლეობისთვის თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გოგი თორაძე  (რეჟისორი): "მოქალაქეებისთვის საგანგაშოა, რადგან ნახევარზე მეტი უმუშევარია. ლარის კურსის ვარდნა კი პროდუქტებზე ფასების ზრდას იწვევს. ლარის კურსი საკმაოდ დიდხან იყო სტაბილურად და იმედია მალე დაუბრუნდება კვლავ ძველ ნიშნულს. მიზეზი ნამდვილად არ ვიცი რატომ მოხდა, თუმცა მე მაშინებს ეს ცვლილება."

     

     გია მაჭარაშვილი (კომპოზიტორი): "ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ცუდია, როცა ლარები მაქვს და მინდა დოლარები მაშინ, რა თქმა უნდა, არ მაწყობს. თუმცა, თუ ლარი მაქვს და დოლარში მინდა გადავიყვანო მაშინ, კარგია, რადგან რადგან უფრო მეტი ლარი მაქვს სამოძრაოდ. ეს წინასაახალწლო ხრიკებია. მე არ ვიცი ვინ არეგულირებს ამას, მსგავსი რამ ადრეც ხშირად მომხდარა, როცა უნდათ აუწევენ და როცა უნდათ დაუწევენ."

     

     გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი):  "უსიამოვნო ამბავია, განსაკუთრებით მოსახლეობის განწყობაა ცუდი. ისინი ელოდებიან, რომ მომენტი დადგება, როცა ახალი ხელისუფლება გადალახავს ფინანსურ, ეკონომიკურ უსიამოვნებებს და წავა წინ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს მოთმინება. არ შეიძლება ამ თემის გარშემო პანიკის ატეხვა.

    "საერთოდ, ყველგან მძიმე მდგომარეობაა ახლა, მთელი მსოფლიო ვალებშია. ჩვენ კიდევ პერსპექტივები გვაქვს, მე იმედი მაქვს, რომ ლარის კურსი გამოსწორდება, რადგან წინა მთავრობასთან შედარებით მე ძალიან მომწონს ჩვენი მთავრობის მუშაობა."

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): "რა თქმა უნდა საგანგაშოა, რადგან შეუქცევადი პროცესი წავიდა. ლარის კურსი ეცემა და ეცემა. ეს რა თქმა უნდა საგანგაშოა, რადგან პროდუქციებზე ფასები იზრდება.

    "ეს პროცესი ალბათ ეკონომიკის ვარდნას უკავშირდება. ინვესტიციების შემოუსვლელობას. არაკვალიფიციური მართვა ხდება მთავრობის მხრიდან, იმ გუნდის მხრიდან, რომელსაც ევალება სწორედ სავალუტო და საფინანსო საკითხების მოგვარება."

     

     ქეთი ბექაური (ადვოკატი): "ალბათ, ეკონომისტებმა უნდა იმსჯელონ ამაზე, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და მომხმარებელსაც დააზარალებს. ლარის კურსის ვარდნა საყოფაცხოვრებო ინტერესებზეც აისახება. ზოგადად ინფლაცია და ეროვნული ვალუტის ვარდნა არ არის სასურველი. ეკონომიკის ექსპერტები ალბათ დასხდებიუან, მოითათბირებენ და გამოსავალს ნახავენ. ამზე ალბათ მსხვილმა ბანკებმა და ეკონომიკის მინისტრმაც უნდა იმსჯელონ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×