სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    17.12.2013

    დეპუტატების მიერ პარლამენტისა და კომიტეტის სხდომების გაცდენასთან დაკავშირებით არსებული სანქციები შესაძლოა, გადაიხედოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე უმრავლესობაში მუშაობა მიმდინარეობს.

    დეპუტატების არასაპატიო გაცდენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გაცდენების საფუძველზე დადგა.

    "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ ის არის სრულიად უპასუხისმგებლო ძალა. უმცირესობის წარმომადგენლები საერთოდ არ დადიან საკომიტეტო სხდომებზე, აცდენენ პლენარულ სხდომებს, არანაიარად არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში", - განუცხადა ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზურაბ აბაშიძემ.

    მისი თქმით, უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ნამდვილად სულერთია, თუ სად იქნება პარლამენტი - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა თუ ქვეყნის რომელიმე სხვა ქალაქში.

    "რამდენად სწორად მიგაჩნიათ, პარლამენტის სხდომების გაცდენისთვის დეპუტატებისთვის სანქციების გამკაცრება?" - ეს კითხვა "რეზონასმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ავთანდილ დემეტრაშვილი  (კონსტიტუციონალისტი): წინააღმდეგი ვიქნები, რომ დეპუტატებისთვის სანქციები გამკაცრდეს, რადგან პარლამენტის რეგლამენტით, სხდომების გაცდენისთვის სანქციები უკვე არსებობს. სხდომის გაცდენისთვის დეპუტატებს ხელფასის ნაწილი ეჭრებათ. ვთვლი, რომ არსებულ სანქციებს გამკაცრება აღარ სჭირდება. მიმაჩნია, რომ ეს უკვე პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებაა.

     

     ავთანდილ სულაბერიძე (დემოგრაფი):  ვფიქრობ, რომ სანქციების გამკაცრება აუცილებელია, რადგან დისციპლინა ზემოდან უნდა მოდიოდეს. პარლამენტში რომ დისციპლინა დაცული იქნება, შემდეგ დაბალ საფეხურებზეც ყველაფერი ნორმალურად იქნება.

     

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "არ იყიდება საქართველო"): სანქციები ალბათ ორივე მხარეს, როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას შეეხება. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ სანქციების გამკაცრება რეალურ შედეგს არ გამოიღებს.

    არცერთი ქვეყნის პარლამენტში სანქციების გამკაცრება დიდ შედეგს არ იღებს. თუმცა მათი გადასაწყვეტია, გაამკაცრებენ თუ არა. მიმაჩნია, რომ მათ რაც უნდა სანქციები გაამკაცრონ, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან თვითონ პარლამენტში ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ შეუძლებელია, ასეთმა პარლამენტმა ვერდიქტიანად იმუშაოს.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): მომხრე ვარ, რომ პარლამენტში სხდომების გაცდენისთვის სანქციები გამკაცრდეს. დეპუტატი საზოგადოების მიერ იმიტომაა არჩეული, რომ მათ პარლამენტის ცხოვრებაში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ.

    საზოგადოებამ მათ ნდობა გამოუცხადა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა იშრომონ და იმუშაონ. მათი საქმიანობისათვის აუცილებელია სანქციების გამკაცრება.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მიმაჩია, რომ სანქციების გამკაცრება აუცილებელია, რადგან დეპუტატები ხელფასს იმისთვის იღებენ, რომ უნდა იმუშაონ. თუ არ იმუშავებენ, მაშინ ხელფასს რატომღა იღებენ. როგორც ვიცი, "ნაციონალური" მოძრაობა პარლამენტის ცხოვრებაში საერთოდ არ მონაწილეობს.

    ასე რომ, სანქციების გამკაცრება აუცილებელია და ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. თუ პატარა ბავშვებივით არიან და საქმის კეთება არ უნდათ, ამ შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ვემხრობი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×