სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    18.12.2013

    ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. "შაბათს, დილას 2-ის ნახევარზე ციხიდან გამომიყვანეს, მანქანაში ჩამსვეს, თავზე ჩემივე მოსაცმელი გადამახურეს და, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წამიყვენეს. იმ კაბინეტში ორი ადამიანი დამხვდა.

    პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ვითანამშრომლებდი და ასევე სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე ინფორმაციას მივაწვდიდი, მაშინ ქვეყნიდან გასვლის შანსს მომცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში პირობები გამიუარესდებოდა და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ," - განაცხადა მერაბიშვილმა, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვა.

    სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ. "მერაბიშვილის განცხადება არადამაჯერებელია, რადგან მის მდგომარეობას ციხეში რეგულარულ მონიტორინგს უტარებენ," - განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.

    მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

    რას ფიქრობენ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რევაზ მიშველაძე (მწერალი): მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვარაუდით ერთი რამ შემიძლია გითხრათ. მერაბიშვილს ხელეწიფება, პროვოკაციული განცხადება ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით გააკეთოს, რადგანაც ჩვენი პროკურატურისა და სასამართლოს უსუსურობა იცის.

    საქართველოში სიმართლის დამკვიდრების პროცესი კომიკურ იერს იძენს და ჩვენი სასამართლოები ერთ გრძელ შოუდ გადაიქცა. ეს ყოველივე დამანაშავე ვანო მერაბიშვილს საშუალებას აძლევს, რომ ამ გზით სასამართლოზე და ხელისუფლებაზე ზემოქმედება მოახდინოს.

    საქართველოში სამართალი ძნელად მკვიდრდება, ათასობით დამნაშავე თავისუფლად დაპარპაშებს და ზოგიერთ მათგანს თანამდებობაც კი უკავია. მერაბიშვილის განცხადება ახია იმათზე, ვინც მას ვერ უმტკიცებს, რომ ქართველი ერის წინაშე დამნაშავეა.

     ნუცა ჯანელიძე  (კომპოზიტორი): მერაბიშვილმა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იცის. მერაბიშვილმა და ჟვანიამ მოღვაწეობა ერთად დაიწყეს. ჟვანიას საქმეზე აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს, რადგან მას ამ საქმეზე ყველანაირი ინფორმაცია ექნება.

     

     

     ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): ვანო მერაბიშვილს რა უნდა გაუკვირდეს?! გაიხსენოს, თვითონ დაკითხვებზე ხალხს რას უკეთებდნენ. ვიღაცებისგან რაღაცები მისაღებია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემთვის მისაღები არაფერი არ არის.

    ხალხს მაგათი აღარ გვჯერა და არ გვაინტერესებს, რას ამბობენ. დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად არ მოქმედებს. მერაბიშვილი სპეციალური პატიმარია და ძალიან ბევრი პრივილეგიით სარგებლობს.

     

     თამრიკო ჭოხონელიძე (მომღერალი):  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ქმედებებს არ გაიმეორებს. მერაბიშვილი და მისი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი, როგორც ჩანს, თავის ცხოვრებისეულ სიზმრებს ხედავენ.

     

     ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი): მიმაჩნია, რომ ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. კარგი იქნება, თუ ამ საქმეში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან, რათა გამოძიება ობიექტური იყოს. მერაბიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ამიტომ აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved