სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    21.12.2013

    მთავარი პროკურატურა დედაქალაქის მერს 48 მილიონის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას ედავება. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უგულავამ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ეს თანხა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოახმარეს.

    ბრალდება, რომელიც დედაქალაქის მერს 18 დეკემბერს წარუდგინეს, 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიგი უგულავას საქმეს რუსთავის სასამართლო განიხილავს.

    "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებით, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბრალდებულ გიგი უგულავას სურვილი გაითვალისწინეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა განხილულიყო საქმე რუსთავის სასამართლოში, მაშინ როდესაც "თეორიული დანაშაული" თბილისშია ჩადენილი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

    მთავარი პროკურატურა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თბილისის მერისთვის რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატურა ამ საკითხით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

    ელოდებით თუ არა გიგი უგულავას დაპატიმრებას და თუ იქნება გამართლებული მისი, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დაპატიმრება? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის დოქტორი): "გიგი უგულავას დანაშაული თუ აქვს, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ და განურჩევლად იმისა, ვის რა თანამდებობა უჭირავს და ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერია, პასუხს აგებინებენ.

    "ჩვენთან ძალიან ცუდადაა საქმე მოწყობილი, თითქოს პოლიტიკოსების გარკვეული კასტა არსებობს, რომლებმაც ქვეყანაც რომ დააქციონ, არ შეიძლება მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძრა. ახლა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნემსის ყუნწშიც კი ძვრებიან და ყოველგვარ საქმეს პოლიტიკურ მოტივად ხსნიან.

    "მე დარწმუნებული ვარ, არავითარი პოლიტიკური შურისძიება აქ არ არის. როგორც ძველ საბერძნეთში იყო გამოთქმა - "კეისარს კეისრისა უნდა მიეზღოს". ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს მაშინ ავაშენებთ, როდესაც კანონის წინაშე თანაბრად ყველა პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის გიგი უგულავაც."

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "უგულავას თუ დაუმტკიცდა ყველაფერი, რასაც აბრალებენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაიჭირონ. მე არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ ნიშნავს, რომ დამნაშავე დაუსჯელი უნდა დარჩეს.

    "ვინც უნდა იყოს დამნაშავე, ყველა უნდა დაისაჯოს. ჩვენ მაგალითები გვაქვს და ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებსაც მოჰკითხეს საქმეები და შესაბამისად დაისაჯნენ კიდეც."

     

     ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი):  "ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ დაპატიმრებების, მგონია, რომ ადამიანი საკანში ჩასმით ვერ გამოსწორდება. მაშინ მთელი ქვეყანა უნდა დააპატიმრონ. თუმცა, არ ვიცი, გიგის ბედი როგორ გადაწყდება. ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა შეჭამოს მილიონი და მერე დავაპატიმროთ?! კარგი იქნება, სხვანაირად აგონ მათ ამაზე პასუხი."

     

     

     რეზო ჩხეიძე  (რეჟისორი): "რომ ვიცოდე მაგის დანაშაულებები, ზუსტად გეტყოდით, არის თუ არა დასაპატიმრებელი, მაგრამ არ ვიცი. მე მხოლოდ ის სურათები ვნახე, რომლებიც ტელევიზორში აჩვენეს, სადაც უგულავას ქალებთან ერთად უხამსი სურათები ჰქონდა გადაღებული. ქალაქის თავი ასეთ რამეს არ უნდა სჩადიოდეს.

    "ფული რაში და როგორ დახარჯა, არ ვიცი, თუმცა, ეს ფოტოები ნამდვილად ვნახე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებისთვის ქალაქის თავს მოეკითხება.

    "მე არ ვარ მოსამართლე, მაგრამ ამ ყველაფერმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ჩემში. თუმცა, მისი დაკავება პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა და მათვე უნდა გადაწყვიტონ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved