სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    12.07.2014

    დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომლის დროსაც მოქალაქეებმა 8 მერი და 13 აგმგებელი უნდა აირჩიონ. ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით იყო გამორჩეული.

    რით იყო განპირობებული პირველ ტურში ამომრჩეველთა პასიურობა და ახლა იქნება თუ არა კიდევ უფრო დაბალი შედეგი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "არჩევნებზე ყველა ის ადამიანი უნდა მივიდეს, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. მე გასული ვიყავი ქალაქიდან და დავბრუნდი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო და ჩემი ხმა დამეფიქსირებინა.

    "მიუხედავად იმისა, რომ ხალხი თბილისიდანაა გასული, უარესი შედეგი არ უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ნაწილი მიხვდა, რომ არ შეიძლება პასიური იყო და წამოეგო იმ პროვოკაციას, რომელსაც გარკვეული პარტიები ახორციელებენ. დგება მომენტი, როცა შენც ისევე პასუხისმგებელი ხარ ქვეყნის წინაშე, როგორც ის ვისაც შენ აირჩევ."

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): "არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველებს იმედი გაუცრუა. უბრალოდ, ხალხს მობეზრდა ამდენი არჩევნები, თან ამ თვეში საშინელი სიცხეებია და შესაძლოა არჩევნებზე ამის გამოც არ მივიდნენ. მაგრამ არ მგონია არჩევნების მეორე ტურში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი იყოს, ვიდრე წინა არჩევნებზე.

    "თელავში "ქართული ოცნების" წარმომადგენელს 5 ხმა დააკლდა გასამარჯვებლად. სააკაშვილის ხელში კი ყველამ ვიცით, როგორ დამთავრდებოდა - ხუთი კი არა, ხუთიათასს ჩაყრიდნენ. ამათმა კი 5 ხმა არ მიუმატეს და ეს ჩემთვის სასიხარულო ამბავია."

     გია მაჭარაშვილი  (კომპოზიცორი): "უნდობლობა ალბათ არჩევნებში პასიურობის ერთ-ერთი მიზეზია. მართალია, ძველს არ ენდობიან, მაგრამ ახლების მიმართაც გარკვეული უნდობლობა არსებობს.

    "გარდა ამისა, ბევრი გავიდა უკვე ქალაქიდან. ზოგი საზღვარგარეთაა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველანაირი კონფორტი არსებობს და ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაშიც კი არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლებელია, მეეჭვება ამ პროცესში მათ მონაწილეობა მიიღონ.

    "თავის დროზე თბილისში ვინც იყო, იმან არ შეიწუხა თავი, არ მივიდა არჩევნებზე და ახლა ამ გაგანია ზაფხულში ქალაქიდან გასული ადამიანი შეიწუხებს თავს?! სწორედ ამიტომ საინტერესოა ეს არჩევნები რა დონეზე ჩატარდება და რომელი მხარისთვის იქნება მომგებიანი ან წამგებიანი.

    "მე ვისურვებდი, რომ ყველამ წესიერება გამოიჩინოს და კანონს დაემორჩილოს. "მე არ წავალ არჩევნებზე" - ეს ყველაზე ცუდი პოზიციაა, რადგან ამ არმისვლის გამო შეიძლება რომელიმე მხარემ ან წააგოს, ან მოიგოს და არასწორი შეფასება მოხდება. ვიღაცის ჯიბრზე არმისვლა არასწორი ნაბიჯია."

     იგორ კვესელავა (პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი): "ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნების ბედს 20 ხმა წყვეტს. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ხმით გადაწყდა ბუში უმცროსის ბედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.

    "ეს განსაკუთრებით საშიშ მოვლენად არ მიმაჩნია, თუმცა გარკვეულწილად ამომრჩეველთა პასიურობა რამდენიმე მომენტთანაა დაკავშირებული, მათ შორის მნიშვნელოვანია იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

    "სამართიანობის აღდგენას და იმ გახმაურებული საქმეების გამოძიებას, როგორიცაა ჟვანიას, გირგვლიანის და სხვა საქმეები, უამრავი ადამიანი ითხოვს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობის ეს ერთ-ერთი მიზეზია.

    "მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში ნორმალური შედეგი იქნება, ხალხი მივა იმ რაოდენობით, რაც ქალაქის მერის ასარჩევად საკმარისი იქნება. ამას ხელი შეუწყო მერობის კანდიდატებს შორის გამართულმა დებატებმა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×