სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    15.07.2014

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ ერგნეთის ბაზრობა გაკეთდება თანამედროვე სტანდარტებით, შეიძლება ეს მართლაც მომხიბვლელი გახდეს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

    ამასთან, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მოლაპარაკების თემა არ ყოფილა და ეს ქართული მხარის გადასაწყვეტია, ჩვენს ტერიტორიაზე რას გავხსნით.

    "საინტერესო ინიციატივაა ნამდვილად, თუ ეს გაკეთდება თანამედროვე სტანდარტით, თანამედროვე ფორმით, შეიძლება ეს მართლაც მომხიბვლელი გახდეს იმ რეგიონში ქართველებისთვის, ოსებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ვაჭრობა და გამოაცოცხლებს ნამდვილად რეგიონს. ამ ეტაპზე ეს რუსეთთან სამსჯელო თემა არ არის, საერთო ჯამში, რატომ უნდა იყოს ვინმე ამის წინააღმდეგ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

    კითხვაზე, ერგნეთის ბაზრობის გახსნა გადაწყვეტილია, თუ ეს არის მხოლოდ განსახილველი იდეა, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ის ამ საკითხს დააზუსტებს და მოგვიანებით ექნება პასუხი.

    "იდეა ნამდვილად საინტერესოა, თუ ეს გაკეთდება თანამედროვე ფორმით, იგი ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტს. დეტალებს გავივლი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან. მათ, ალბათ, ნაფიქრი აქვთ ამ ყველაფერზე და ისინი უფრო კომპეტენტურები არიან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

    "როგორ ფიქრობთ, ერგნეთის ბაზრობის გახსნა საქართველოსთვის, რამდენად მომგებიანი იქნება?," - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ია ანთაძე  (ჟურნალისტი): სამწუხაროდ, ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ, რადგან როგორც მახსოვს, ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდასთან იყო დაკავშირებული და ჩვენთან კონტრაბანდული საქონელი შემოდიოდა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ბაზრობა ურთიერთობებისთვის კარგი იყო.

    ერგნეთის ბაზრობას თავიდანვე თავისი პლუსი და მინუსი ჰქონდა, ამიტომ, თუ ამ ბაზრობის გახსნით ქვეყანაში კონტრაბანდის ახალი ხვრელი გაჩნდება, არა მგონია, რომ ამ ბაზრობის გახსნა ამად ღირდეს.

     

     ნუცა ჯანელიძე (კომპოზიტორი): ვფიქრობ, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნა მომგებიანი იქნება, რადგან აქედან ხალხი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებს გადასვლას, და იქიდან კი ფული შემოვა, ამ მხრივ, მგონი, წაგებული არ ვიქნებით. ამ ბაზრობის გახსნა კიდევ იმიტომაა მომგებიანი, რომ ოს ხალხთან საერთო ურთიერთობა გვექნება.

     

     

     ავთანდილ სულაბერიძე (დემოგრაფი): თუ პოლიტიკური ნება იქნება და რუსი მესაზღვრეები ნებას დაგვრთავენ, რომ გაცვლითი ურთიერთობა დაიწყოს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, ეს არ მოხდება. საერთო ჯამში, ამ ბაზრობის გახსნა ჩვენთვის მომგებიანი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც იქნება, ეს ყოველივე ჩვენს შერიგებას ხელს შეუწყობს.

     

     ნუგზარ კვაშალი  (მომღერალი): როგორც მახსოვს, ერგნეთის ბაზრობა ქართველებისა და ოსების საერთო ბიზნესი იყო, რომლითაც ოჯახებს არჩენდნენ. მიმაჩნია, რომ ერგნეთის ბაზრობა არის დიდი გამოსავალი შერიგებისთვის. შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ადრე, მაგრამ მცდელობა მაინც აუცილებელია, რადგან ამით შეიძლება ქართველი ხალხი და ოსი ხალხი ისევ დამეგობრდეს.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): ადამიანური თვალსაზრისით და ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ერგნეთის ბაზრობა, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება, მაგრამ ეკონომიურად რამდენად მომგებიანი იქნება და კონტრაბანდისაგან რამდენად დაზღვეული ვიქნებით, ეს უკვე ცალკე თემაა.

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×