სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    16.07.2014

    ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი. სემეკის ორგანიზებით ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გუშინ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრენ.

    როგორც მარიამ ვალიშვილი აცხადებს, ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რომ დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.

    ვალიშვილის თქმით, "მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილის თქმით, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება."

    სემეკის წევრის, გოჩა შონიას თქმით, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

    "ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ," - განაცხადა გოჩა შონიამ.

    ფრიად არაპოპულარული ინიციატივა, საეჭვოდ დაემთხვა არჩევნების დასრულებას, სადაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

    უკავშირებთ თუ არა ტარიფების ზრდაზე დისკუსიის დაწყებას არჩევნების დასრულებას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ზუსტად ვერ გეტყვით, ჩვენს ხელისუფლებას ტარიფების მომატებით მანიპულაცია სჭირდებათ თუ არა. ხელისუფლებას კიდევ ორი წელი არჩევნები არ ელოდება, ამიტომ შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ რატომ უნდა მოხდეს ეს, დავიჯერო ქვეყანას ან ხელისუფლებას ასე უჭირს, რომ ტარიფები გაზარდოს?!

    ტარიფების გაზრდა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რაღაც პრობლემა აქვს და შესაბამისად ბიუჯეტში ფული უნდა შევიდეს. გამორიცხული არ არის, რომ ტარიფების ზრდა სახელმწიფო პოლიტიკა იყოს, მაგრამ როცა პენსიები და ხელფასები არ იზრდება, ასეთ შემთხვევაში ტარიფების ზრდას არასერიოზულად მივიჩნევ, რადგან ეს ყოველივე ხალხის განწყობაზე იმოქმედებს.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი):  რა თქმა უნდა, ტარიფების ზრდა სწორედაც რომ არჩევნების დამთავრებას უკავშირდება. არჩევნები დამთავრდა და ახლა უკვე წინა პლანზე პოლიტიკური ძალების ინტერესები წამოიწია. ეს ელემენტარულია.

     

     

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): ტარიფების ზრდა, არამგონია არჩევნებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ტარიფის ახლა გაზრდა მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და, სიმართლე რომ გითხრათ, არა მგონია რომ გაიზარდოს.

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ფაქტია, რომ ეს ორი საკითხი დროში ერთმანეთს დაემთხა, ხელისუფლება თუ იმას ითვალისწინებს, რომ შემოსავლები გაიზრდება, ყველა ქვეყანაში ასე ხდება, თუმცა ამას მოსახლეობისათვის ორჯერ მეტი შემოსავლები უნდა მოჰყვეს. ტარიფის გაზრდა თუ ცალკე მოხდა, რა თქმა უნდა მოსახლეობაში დიდ უკამყოფილებას გამოიწვევს და "ქართული ოცნებისათვის" ძალიან არასასიამოვნო მოვლენა იქნება.

     

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): არ მგონია, ტარიფების ისეთი მომატება მოხდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ გაჭირვებულ ხალხზე არ იფიქროს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×