სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    17.07.2014

    ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე მითქმა-მოთქმა არ ცხრება. მიუხედავად აშკარა სუიციდის სურათისა ოჯახს და მეგობრებს თვითმკვლელობის არ სჯერათ. ეს ეჭვი არც იმ ფაქტმა გაფანტა, რომ პისტოლეტი, რომლითაც სავარაუდოდ გასროლა არის განხორციელებული და მიცვალებულის მანქანაში იპოვეს, კიწმარიშვილს იმავე დღეს თავად უყიდია.

    ეჭვი გეპარებათ თუ არა ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიაში? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გოგი თორაძე  (რეჟისორი):  მე და ჩემს ძალიან ბევრ ახლობელს ამ ვერსიაში ეჭვი გვეპარება. ის წინა დღეებში არჩევნების თემით იყო დაინტერესებული. ძალიან მოტივირებული იყო და ემოციურად და ენერგიულად საუბრობდა ისე, როგორც იცოდა ხოლმე. ვფიქრობ, თვითმკვლელ ადამიანს ამგვარი ქცევა არ ახასიათებს. ეს მოულოდნელი ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს თვითმკვლელობა არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, თუ ეროსი კიწმარიშვილმა ეს გააკეთა, საინტერესოა რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ახლა გამოძიება მიდის და ალბათ დეტალებიც გაირკვევა. რაღაც სამხილი ყოველთვის რჩება, რომელიც გამოძიებას ეხმარება. ალბათ მოძებნიან იმას თუ რაიმე არსებობდა, რამაც კიწმარიშვილი ამ ზომამდე მიიყვანა. მაინც ვფიქრობ, რომ ამის უკან რაღაც არის დამალული.

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი):  ნამდვილად ეჭვი მეპარება. ზოგიერთი განცხადება, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთდა, ეჭვს ბადებს. შეიძლება ეს მკვლელობა იყო და დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ თავის დროზე კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი იყო და შესაბამისად ის დღეს პრეტენზიას აცხადებდა მის მფლობლობაზე. შეიძლება სხვა ფაქტორებიც იყო, რაც ფინანსურ მხარეს უკავშირდება, არც ამას გამოვრიცხავ მკვლელობის მოტივაციად. ვფიქრობ, რომ "რუსთავი 2" და ფინანსური მხარეები მისი მკვლელობის ძირითადი მოტივაცია შეიძლება ყოფილიყო.

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკური ფიგურა არ იყო და მას დიდი პოლიტიკური ძალა არ ჰქონდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ეს პოლიტიკურ მკვლელობად ჩაითვალოს. მას უნდოდა, რომ პოლიტიკაში ყოფილიყო და ეს მისი ნება იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე გამორიცული არაა, რომ თავი მოეკლა. როგორც ცნობილია, მას ძალიან დიდი ბიზნესები ჰქონდა და ვინ იცის, რა მოხდა ბიზნესთან დაკავშირებით. შესაძლოა დიდი ვალები ჰქონდა დადებული და ამის გამო სავსებით შესაძლებელია, რომ თავი მოეკლა.

     გივი სიხარულიძე (მსახიობი):  მე ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, რომ მთავრობამ გამოძიების გარეშე თვითმკვლელობა გამოაცხადა. ამას მთელი პროცედურები უნდა, იურისპრუდენციის გათვალისწინებით, მას ათასი გამოკვლევა და ექსპერტიზა უნდა. მათ უნდა ეთქვათ, რომ ეს შეიძლება იყოს მკვლელობა ან თვითმკვლელობა, ამას ექსპერტიზა დაადგენსო. სწორედ ამგვარმა მიდგომამ გამოიწვია საზოგადოებაში ეჭვის გაჩენა და უამრავი კითხვაც გაჩნდა. ვფიქრობ, რომ მთავრობამ გააკეთა ისე, რომ ხალხს სინამდვილეში ეჭვი შეპარვოდა. ის პოლიტიკური ფიგურა იყო და ძალიან გამოკვეთილი მებრძოლი სულის კაცი. სულ იბძოდა, ჯერ ჟვანიას ებძოდა, მერე ამერიკაში იყო გაქცეული, მერე ჩამოვიდა და "რუსთავი 2"-ში იყო, მერე "მაესტროზე" გადავიდა, ბოლოს "მაესტროს" დაუწყო ბრძოლა და ადვილად შესაძლებელია, რომ ასეთი კაცი მოეკლათ, თუმცა არც თვიმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავდი, რადგან შეიძლება იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ თავი მოეკლა.

     ნიკუშა შენგელაია (მხატვარი):  მართალი გითხრათ, არ ვიცი. კრიმინალი მე არ ვარ და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი. არც ის ვიცი, რა ვითარებაში მოხდა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ეს შეიძლება თვითმკვლელობა იყოს ან მკვლელობა. გამოძიება ალბათ ყველაფერს დადგენს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×