სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    18.07.2014

    აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის გარეშე, აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კონგრესმა კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღო.

    როგორც კონგრესის ვებგვერდზეა აღნიშნული, პროექტი ამ ქვეყნებისთვის მოკავშირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც თითოეული ეს ქვეყანა დააკმაყოფილებს მოცემულ კრიტერიუმებს თავდაცვითი სისტემების ან თავდაცვითი მომსახურების გადაცემის ან შესაძლო გადაცემის მიზნით.

    "პროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაზარდოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერაქცია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან; ასევე გააძლიეროს აშშ-სა და ნატოს დახმარება ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია კანონპროექტში.

    ამასთან, კანონპროექტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, კერძო საერთაშორისო ინვესტიციების კორპორაციას, მსოფლიო ბანკის ჯგუფსა და ევროპულ ბანკს, მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის დახმარებას ბუნებრივი გაზისა და ნავთობმარაგების ექსპლუატაციის, ასევე ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარების მიზნით.

    რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის? და გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვის უნარიანობას? ეს კითხვები "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გიორგი ოთხმეზური (ისტორიკოსი): მნიშვნელოვანია, იმ მხრივ, რომ ეს ნიშნავს კიდევ ერთ მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. იმედი მაქვს ამ განცხადებების შემდეგ ამერიკის მხარდაჭერა უფრო გააქტიურდება და მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლებიან. ასეთი განცხადება მიუთითებს იმას, რომ ამერიკას სურს რეალური დახმარება გაუწიოს საქართველოს.

    საქართველოს თავდაცვისუნარიანობა 90-ტანი წლებიდან მოყოლებული იზრდება და ამაში დიდი წვლილი ამერიკას მიუძღვის. მაგრამ დამაფიქრებელია ეს განცხადება - საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები ამერიკის მთავარი მოკავშირეები არიან რუსთთან დაპირისპირებაში. მთავარ მოკავშირეებს ნატოში შესვლაზე უარს არ ეუბნებიან.

    საქართველოს დამოუკიდებლად რუსეთთან დაპირისპირების რესურსი არ გააჩნია. ამერიკასთან მოკავშირეობა საქართველოს არ უნდა დაუჯდეს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად.

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მათ ეშინიათ არ განმეორდეს ის, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში ხდება. ეს სასარგებლო ამბავია, გაფრთხილებაა რუსეთის მიმართ. მაგრამ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას, მიჭირს რამის თქმა, თუმცა ამით ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ აგრესიას. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

     

     

     ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მოლდოვასთან, უკრაინასთან და კიდევ სხვა ქვეყნებთან ერთდად ჩვენ ვხდებით ამერიკის მოკავშირე წევრი არა ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს, იმას, რომ რეალურად ის პრობლემები, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში არის, უნდა მოგვარდეს.

    გარდა ამისა, ამას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ასეთ შემთხვევაში ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ვიღაცების მცდელობაზე, - საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან ან განახორციელონ საქართველოს ანექსია. ეს ვერ იქნება 100%-იანი გარანტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში.

     ლადო ვარდოსანიძე (არქტიტექტორი): რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ 200 სახელმწიფოს შორის ეს სამი შეარჩია კონგრესმა, თანაც, არა ნატოს წევრი. რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობას არ ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს და ეს გააძლიერებს ჩვენს ჯარს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×