სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    19.07.2014

    პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. რატიფიცირების პროცესს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. სხდომაზე მიწვეული იყვნენ ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დღის მეორე ნახევარში შეუერთდა. მანამდე გაურკვეველი იყო დაესწრებოდა თუ არა იგი რატიფიცირებას, ვინაიდან მოწვევა არ მიუღია, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მოწვევა არ სჭირდება და მას კონსტიტუციით ნებისმიერ მომენტში შეუძლია პარლამენტის სხდომას დაესწროს და ამაში მას არავინ ზღუდავს.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიამ კი ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა ყველას ვერ დაიტევდა.

    "დღეს ეს დარბაზი და ეს შენობა ალბათ, ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო სახელისუფლებო სრული გუნდი არის ერთსულოვანი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც არის თანაზიარი ამ სიხარულისა", - განაცხადა ბესელიამ.

    თავად გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე, თუ რატომ არ გაუგზავნეს მას პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად მოწვევა, უპასუხა: "მე მოვიწვიე პარლამენტის ეს სესია და შემეძლო ასე მოვსულიყავი."

    "გადავწყვიტე, რომ ვიყო მე დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს პოლიტიკურ სპექტრთან ერთად და მივულოცო მას დღევანდელი დღე. მე მოვიწვიე პარლამენტის ეს სესია და შესაბამისად, შემეძლო, რომ ასე მოვსულიყავი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

    თქვენი აზრით, რატომ ავლენს ასეთ დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი და რამდენად გამართლებულია ეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ქეთა გაბიანი  (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"):"თავისთავად ცხადია, რომ ამას "მამა-მარჩენალი" ბიძინა ივანიშვილი კარნახობს. რაც მან მარგველაშვილი საჯაროდ გათათხა, მას მერე აიცრუა ყველამ მასზე გული და აიბზუა ცხვირი.

    "მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპატია მის მიმართ არ მაქვს, ვფიქრობ, რომ ეს ყოვლად სამარცხვინოა. პრეზიდენტი საერთოდ არ იყენებს მის შესაძლებლობებს, რაც ყოვლად გაუმართლებელია და არცერთ შემთხვევაში ჩვენ ქვეანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას არ მოუტანს."

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი):  "ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ წავიდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტი ერთპიროვნული მმართველი იყო. "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იტანს მარგველაშვილს, რომელიც ყოველდღე აქუბარდიასთან იჯდა და მათ ლანძღავდა. მას გენიალური გამოსვლები ჰქონდა, ახლა "ნაციონალებს" ვითომ სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ, მაგრამ არ არის ასე. ეხამუშებათ, რომ კონსტიტუციით პირველი კაცი პრეზიდენტი კი არა პრემიერ-მინისტრია. მე მივესალმები ამას, რადგან ეს გერმანიის მოდელია, რაც ძალიან მომწონს."

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ასეთი საქციელი გამართლებული ნამდვილად არაა, არც ლამაზია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან არ აფასებენ, მაგრამ პრობლემა იცით რაშია?! ოთარ ჭილაძემ გადასარევი ფრაზა თქვა, რომ სანამ დრო არსებობს, მედროვეები ყოველთვის იქნებიანო. ასეთ პრეზიდენტზე, რომელიც იტალიაში ფულის დასახარჯად არ დადის და არ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რასაც დემოკრატიული და ევროპული ფასეულობები ჰქვია, ასე აგდებულად ლაპარაკი ყოვლად დაუშვებელია."

     

     ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "მე ვფიქრობ, რომ ვიღაც ცდილობს ახალ მთავრობაში შუღლი ჩააგდოს და განხეთქილება მოხდეს. არ ვიცი ვინ ან რატომ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გაუმართლებელია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×