სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    21.07.2014

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით მისმა ორგანიზაცია "მოქალაქემ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რაც ოპოზიციამ და ჟურნალისტთა ნაწილმა მედიაზე ზეწოლად აღიქვეს.

    "13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა: "ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება".

    "სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის "ცუდად ცოდნაში".

    "თავისთავად მისასალმებელია, რომ დღეს, უკვე თავისუფალ მედიაგარემოში იწყება საუბრები დემოკრატიის რაობაზე, რადგან სწორედ ამგვარი თემების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი განხილვა მიაჩნია ორგანიზაცია "მოქალაქეს" დემოკრატიის გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად.

    "ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას.

    "გამოვთქვამთ რწმენას, რომ პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების საზოგადოებამდე სწორად, სიღრმისეულად და კვალიფიციურად მიტანის საკითხს", - აღნიშნულია განცხადებაში.

    თქვენი აზრით, რას მიზანს ემსახურებოდა "მოქალაქის" ეს განცხადება და არის თუ არა ეს მედიაზე ზეწოლა? - ეს კითხვები "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბუღაძე  (მხატვარი): "ამით ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტიკაში თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ანუ, ეს არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ცდილობს მედიაში თავისი ადგილი სწრაფად და სამაგალითოდ დაიმკვიდროს. ფაქტობრივად, კონკურენტებს იშორებს.

    "იგი ოფიციალურად პოლიტიკური პერსონა არ არის, ამიტომ ეს პირდაპირ მედიაზე ზეწოლად არ აღიქმება. ასე რომ, ეს არის მისი ტაქტიკური პოლიტიკური სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილი კონკურენტების მოსაშორებლად."

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  "დემოკრატია მაშინაა ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა არსებობს. საქართველოში კი, სადაც 80% უმუშევარია და ხალხი ვალებშია გაჭედილი, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის ფსევდო დემოკრატია, რაშიც ჟურნალიტ ია ანთაძეს ვეთახმები,

    "თუმცა, მეორე მხრივ, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. ანთაძეს არ ეხება, მაგრამ ვფიქრობ, ჟურანლისტებს პროფესიონალიზმი აკლიათ. ბიძინა ივანიშვილი არის საზოგადოების წევრი, იგი არ არის პოლიტიკოსი, რომ რაღაც კანონი გამოსცეს და მედია შეზღუდოს. ასე რომ, რატომ არის წივილი-კივილი - ვერ გავიგე."

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად ერიდოს ჟურნალისტებთან ურთიერთობას. ეს თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილს ვურჩიე და მერე ბიძინა ივანიშვილსაც. მას აქვს სერიოზული პრობლემები. ყველას კარგად ახსოვს ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელიც არაადეკვატური იყო და ძალიან დაძაბა სიტუაცია.

    "ვწუხვარ, თუ ბიძინა ივანიშვილი ისევ ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას. იგი ისევ დაუშვებს შეცდომებს და ექნება სერიოზული პრობლემები, მათ შორის ჟურნალისტებთან. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნაა, მიხედოს თავის ბიზნეს და ქველმოქმედებას, სადაც უბრწყინვალესია. პოლიტიკისგან კი იყოს ცოტა შორს, ვინაიდან ეს სფერო არ მოუტანს წარმატებას და იქნება თავის ტკივილის, უსიამოვნოებების ერთ-ერთი ფაქტორი."

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მე პირადად ზეწოლად არ განვიხილავ. შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ კრიტიკას ყველა ექვემდებარება და ეს მედიამაც უნდა გაითავისოს.

    "ჟურნალისტებს პატივს ვცემ, ვიცი, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ დემოკრატიის განვითარებაში, თუმცა კრიტიკაც უნდა მიიღოთ და ეს თავდასხმად არ უნდა განიხილოთ. ხანდახან ჟურნალისტი ისეთ სათაურს წერს, რომ მოისპობა ყველაფერი.

    "ბიძინა ივანიშვილი სხვანაირი კაცია, გულწრფელი ადამიანია და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. რატომ თვლით, რომ ეს მედიაზე ზეწოლაა - არ მესმის. ისე უპასუხეთ, როგორც საჭიროდ თვლით და ეს იქნება ჯანსაღი პროცესი."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×