სალომე აბულაძე
23.07.2014

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა: სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილი დაასახელა, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით, მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი გელა დუმბაძე დასახელდა, იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. პრემიერს არ დაუსახელებია კულტურის მინისტრის კანდიდატურა, მისი თქმით, ამის შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან 7 მინისტრი გათავისუფლდა - კულტურის, გარემოს დაცვის, სასჯელაღსრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ დღესვე დაასახელა ორი მინისტრის კანდიდატურა. მისი განცხადებით, უკვე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს, ხოლო ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დამტკიცების შემთხვევაში გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს დაიწყებს.

ახალი მინისტრების კვალიფიკაცია აღემატება თუ არა ყოფილი მინისტრების კვალიფიკაციას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ნელი კობიაშვილი  (ჟურნალისტი): მინისტრებად ყოფილი მინისტრების რამდენიმე მოადგილეა დანიშნული. აქედან გამომდინარე, მათ მეტ-ნაკლებად ეს საქმე იციან, სხვა მხრივ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ისინი ჩემთვის ნაცნობი ხალხი არ არის.

მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ალბათ რაღაც განახლება იყო საჭირო. ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო კულტურის მინისტრის ვინაობის გაგება იყო, რაც ჯერ არაა ცნობილი. კულტურის მინისტრს ნამდვილად აკლდა კვალიფიკაცია და გამოსაცვლელი იყო. მთავარია, რომ მათ საკუთარ უწყებებში გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ინიციატივით შეეძლოთ. ეს იქნებოდა ყველაზე უპრიანი და სასარგებლო იმ სფეროებისთვის, რომლებსაც ისინი განაგებენ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინიციატივა და ენერგია გამოიჩინონ.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): კვალიფიკაცია აღემატება, რადგან მოადგილეები არიან და, შესაბამისად, საქმე იციან. ისინი ამბობენ, რომ როდესაც მინისტრები ქვეყანაში არ იყვნენ, მათ უწევდათ მათი საქმეების გაკეთება. ისინი უნივერსიტეტდამთავრებულები და კვალიფიცირებულებიც არიან.

 

 

 

 ნუგზარ კვაშალი  (მომღერალი): საერთოდ ყველა დაწესებულებაში მცოდნეები პირველი მოადგილეები იყვნენ და არიან, ასევე ყოველთვის ყველაზე გამოცდილები იყვნენ. რა თქმა უნდა, მინისტრი თავისი დარგის მცოდნეა, მაგრამ ყველა საკითხს წყვეტდა პირველი მოადგილე, მე ასე მახსოვს და მემგონი, ახლაც ასეა.

ყოფილმა მინისტრებმა წელიწადნახევარი იმუშავეს, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ პრემიერმა ალბათ ჩემზე უკეთ იცის, რომ მოადგილეები უფრო კომპეტენტურები არიან, აქ მე მგონი, მინისტრებსაც არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია და ღმერთმა ქნას, ახლად დანიშნული მინისტრები მართლაც პროფესიონალურად შეუდგნენ საქმეს და ყველაფერი გააკეთონ ისე, როგორც დღეს საქართველოსთვისაა საჭირო.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×