სალომე აბულაძე
25.07.2014

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები შესაძლოა კვლავ განხორციელდეს. მისი თქმით, პარლამენტი ამასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას მხარს აუცილებლად დაუჭერს.

"არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. ის იღებს გადაწყვეტილებას და ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად იმუშაოს, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენი ხალხისთვის გასაკეთებელი", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მორიგი საკადრო ცვლილებას არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს. მას შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

"მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები.

მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საჭიროა თუ არა საკადრო ცვლილებების გაგრძელება მთავრობაში? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ბაია დვალიშვილი (მსახიობი): ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით შეიძლება საქმეს ეს ყველაფერი წაადგეს კიდეც. საკმარისი დრო იყო, რომ ყველას დაენახა რა გაკეთდა და რა არა. ცვლილება ანუ ახალი სისხლის გადასხმა ყოველთვის კარგია თუ, რა თქმა უნდა, პროფესიონალები დაიკავებენ ამ ადგილებს.

მე არ ვიცი ჩვენი კულტურის ახლანდელი მინისტრი ამ ძალიან რთულ სამინისტროს როგორ გაუმკლავდება, მაგრამ ის ამ სფეროში ნამუშევარია, შესაბამისი განათლება აქვს, თითქმის ყველას იცნობს და ყველა კარგადაა განწყობილი მის მიმართ. თანხმობა კულტურის მუშაკებისა და არა მარტო ჩვენგან მას უკვე აქვს და მივესალმებით ამ ტანდემს.

 

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): მთლიანად მინისტრთა კაბინეტის მოხსნა აუცილებელია თუ არა, არ ვიცი, იმასაც ვერ ვხვდები რითი ხელმძღვანელობენ, როცა ერთი მინისტრი მეორე ადგილას გადაყავთ ან პირიქით. სიმართლე გითხრათ, ამაში ვერ გავერკვიე და ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია.

თუ საჭიროდ თვლიან, რომ ეს მინისტრები უნდა მოიხსნან, მე პირადად, ამ წუთში ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ნამდვილად იყო რამდენიმე მინისტრი მოსახსნელი და მოხარული ვარ რომ ეს მოხდა, მაგრამ ჩემი აზრით, ზოგიერთი მინისტრი სავსებით აკმაყოფილებს იმ თანამდებობას, რაც მათ უკავიათ. მე წარა-მარა ცვლილების მომხრე არ ვარ.

 ლაშა ბაქრაძე  (ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი): მე ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებები საჭიროა და კარგი იქნება, რომ ამ საქმეში საზოგადოება მეტად იყოს ჩართული. რადგან არიან მინისტრები, რომლებიც საზოგადოებას არ მოსწონთ და კარგი იქნება თუ ისინი გამოიცვლებიან.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "არ იყიდება საქართველო"): ვფიქრობ, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტის შეცვლაა აუცილებელი. მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ცვლილებით დავიწყებდი და ჩავანცვლებდი იმ ხალხით, რომლებიც უფრო მეტი შემართებით იქნებიან და საქმესაც გააკეთებენ და, რა თქმა უნდა, წინა მთავრობის პოლიტიკურ დევნაზე არ იქნებოდნენ გადართულნი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×