სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    19.09.2014

    სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ მომხდარ მორიგ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნული "რელიგიურ შეუწყნარებლობად" შეაფასა.

    "2014 წლის 10 სექტემბერს, ქობულეთში მდებარე მუსლიმთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან დაკლეს ღორი და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. ადგილობრივი მართლმადიდებლები დღემდე ეწინაღმდეგებიან პანსიონის ამოქმედებას.

    "სახალხო დამცველის რწმუნებული ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდება და სწავლობს ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს. ადგილობრივ მუსლიმთა განმარტებით, მოსახლეობის ერთი ჯგუფის შეუწყნარებელი ქმედებები პანსიონის გახსნის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

    "სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ზომას მიმართონ საიმისოდ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უზრუნველყონ მუსლიმი მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა," - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

    რატომ გახშირდა დაპირისპირება განსხვავებული რელიგიური მრწამსის წინააღმდეგ? ეს შეკითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ნელი კობიაშვილი  (ჟურნალისტი): ტრადიციულად საქართველო ყოველთვის ტოლერანტი ქვეყანა იყო, ამის შესანიშნავი მაგალითია, თუნდაც თბილისში, ერთმანეთის გვერდით სინაგოგა, მეჩეთი და სიონი.

    მიმაჩნია, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემებია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაზე ვიღაცა მუშაობს, რომ ჩვენ ქვეყანაში რელიგიური შეუთავსებლობა და შუღლი აგორდეს. ალბათ, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ვინ მუშაობს ამაზე, ეს ვის აწყობს? თორემ ხალხი აქ არაფერ შუაშია.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საბჭოთა პერიოდში ეს ყველაფერი მკაცრად რეგლამენტირებული იყო რელიგიის საქმეთა კომიტეტის მიერ, ხოლო შემდგომ პერიოდში, უკვე ყველა რელიგიურ მიმდინარეობას მიეცა, ასე ვთქვათ, თავისუფლად მოქმედების საშუალება და ეს თავისუფალი მოქმედების საშუალება თუ კარგად არ აიწონ-დაიწონა, შეიძლება გადაიზარდოს პერიოდულ დაპირისპირებაში.

    როცა სახალხო დამცველი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამით ვის წისქვილზე ასხამს წყალს? ამ შეთხვევაში გამოდის, რომ ჩვენი ხალხი ასეთი მაგალითის მიმცემია.

    რა თქმა უნდა, მიუღებლად მივიჩნევ ნებისმიერი რელიგიური მრწამსის მიმართ ძალადობას, მაგრამ ერთი და ორი შემთხვევა არ უნდა განზოგადდეს, როგორც განსაკუთრებული მოვლენა.

    რასაკვირველია, კანონმდებლობის ფარგლებში ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მაგრამ რა გამოდის? საკუთარ ქვეყანაში მართმადიდებელი ეკლესიის მიმართ ასეთი დაპირისპირების განხორციელება შეიძლება? შემდგომ ეს გარკვეულ აგრესიულ მოქმედებას იწვევს, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია.

     გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): საერთოდ, როდესაც ასეთი შენობები შენდება, ვფიქრობ აუცილებლად უნდა იყოს მოსახლეობის აზრი გათვალისიწნებული, თუმცა საქართველო ნებისმიერი რელიგიის მიმართ ოდითგანვე შემწყნარებელი იყო.

    მაგრამ რომ არ განმეორდეს იგივე და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება არ გამოიწვიოს, წინადაწინ უნდა იცოდეს მოსახლეობამ ვინ რას აშენებს და მათგან ნებართვა უნდა იყოს აღებული, რადგან სამომავლოდ ანალოგიური კონფლიქტები აღარ განმეორდეს.

     

     ჯემალ ჭკუასელი ("ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  მე შემწყნარებელი კაცი ვარ და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ქვეყანაში წესიერად არ გვექცევიან, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მაგრამ ღორის თავის კარებზე დაკიდვა, ასეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლება, დაუშვებელია, თუმცა თვითონაც ჭკვიანად უნდა იყვნენ, ჩვენ ტოლერანტობით ცნობილი ხალხი ვართ და ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ladi60   (24.09.2014)
    adigenshi 10 muslimze 3mecheti da 12 xoja modis! stambulia....nametani xo ar mogvdis chemo muslimo dzmebo?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×