სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    20.09.2014

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონებას ყადაღა დაედო, რასაც მისი ადვოკატი ოთო კახიძე უკანონოს უწოდებს და მის გასაჩივრებას, სავარაუდოდ, სტრასბურგში აპირებს. ყოველ შემთხვევაში, კახიძის თქმით, ამ საკითხს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ.

    შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ექსპრეზიდენტს მესამე ბრალი წაუყენეს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად საბიუჯეტი თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. საუბარია 9 მილიონამდე ლარზე.

    სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს სააკაშვილისა და მისი ოჯახის ახლობლების ქონების დაყადაღება მოითხოვა, რომელიც პირველ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი ბადაშვილის უწყების მოთხოვნა გაითვალისწინა და სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა.

    პროკურატურის განმარტებით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ექსპრეზიდენტი გაასხვისებდა ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას სხვაგვარად გადამალავდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი კი მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას მიუღებლად მიიჩნევს.

    "დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც. 20 წლის წინ, როცა გავთხოვდი, მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე. გავყიდე 3-ჯერ ძვირად, მერე საბურთალოზე გადავედით. მერე ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე. ეს იყო 2002 წელს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაირად მიუღებელია, საუბარი იყოს ამ ჩემს ბინაზე!", - წერს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ყოფილი პირველი ლედი.

    ელოდებოდით თუ არა ამას და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სააკაშვილისთვის ქონების დაყადაღება? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): "სააკაშვილს ქონებას ახლა კი არა, კოდორის ხეობა რომ ჩააბარა, მაშინ დავუყადაღებდი ყველაფერს და როგორც პიროვნებას გავანადგურებდი. 27 სექტემბერი მოდის, უზარმაზარი ტრაგედიის დღე და ორმაგად ტრაგედია ჩემთვის 2008 წელი, იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილმა გაუგონარი რამ ჩაიდინა. "აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პროკურატურა სწორად მოიქცა სააკაშვილის ქონების დაყადაღება რომ მოითხოვა. არაფერი არ უნდა დაუტოვონ და არა მარტო სააკაშვილს, ყველა ყოფილ მაღალჩინოსანს, ჩვენს ხარჯზე მილიარდერები რომ გახდნენ."

     გიორგი ოთხმეზური (ისტორიკოსი): "პროკურატურის მხრიდან ამ შუამდგომლობის დაყენებას ნამდვილად არ ველოდი, აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, ცოტა ძნელი სათქმელია გამართლებულია თუ არა, სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით."

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "არ ვიცი რა საფუძველი ჰქონდა ამ დაყადაღებას. საერთოდ, მე კანონის კაცი ვარ და მიმაჩნია, რომ თუკი დასაყადაღებელია, უნდა დაყადაღდეს, მაგრამ არასოდეს არ თქმულა სააკაშვილმა რა მოიპარა. შესაბამისად, არ ვიცი რის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. მიმაჩნია, რომ ჯერ ბრალი უნდა წაუყენონ, დაუმტკიცონ და მერე უნდა დაუყადაღონ."

     

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "სააკაშვილის ქონების დაყადაღებას კი არა, მის პასუხისგებაში მიცემას ველოდები უკვე 9 წელია. სააკაშვილი უნდა წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე მისი დამქაშებით. გამართლებულად მიმაჩნია ამ კაცის პირადად წარდგომა ჩვენი სასამართლოს წინაშე და რასაც ეს მოიცავს, იქნება ეს ქონების დაყადაღება თუ ყურების აწევა, ყველაფერი გამართლებულად მიმაჩნია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    temo   (25.09.2014)
    axla nacistebivit xo ar gjirt tkuilebi adre hemogeliat


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×