სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    25.09.2014

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონო საუბრების საფუძველზე, რომელიც ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გაჟღერდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

    "სასჯელაღსრულების სამინისტროს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რათა ციხეებში მდგომარეობა იყოს აბსოლუტურად კონტროლირებადი უწყების თანამშრომლების მხრიდან, ხოლო თუკი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, გატარდეს ღონისძიებები კანონით გათვალისწინებული ზომების ფარგლებში. სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის და ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს, საზოგადოებაში უნდობლობის, ნიჰილიზმისა და შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება. ჩვენ მათ ამაში არ ავყვებით," - განაცხადა მანანა კობახიძემ.

    "განსხვავებულ აქცენტებში" ნაჩვენებ ფარულ ჩანაწერებში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ აკონტროლებენ ციხეებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები. გადაცემის ავტორის მტკიცებით, ჩანაწერები 2013 წელს სოზარ სუბარის მინისტრობის დროს არის გაკეთებული.

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა არ იცის აუთენტურია თუ არა გადაცემაში გასული ჩანაწერები, თუმცა გადაცემას ჟურნალისტური არაკეთილსინდისიერებისა და არაპროფესიონალიზმის ნათელ მაგალითად აფასებს.

    თქვენი აზრით, დაბრუნდნენ თუ არა ციხეებში ე.წ. მაყურებლები? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ლალი მოროშკინა  (ჟურნალისტი): ნაჩვენებ კადრებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ მოხდა ამ კადრების გადინება ციხის დახურული სისტემიდან. ეს არის სამინისტროს შიდა საქმე, რომ თუ ადგილი აქვს ასეთი სახის გადაძახება-გადალაპარაკებებს, ამას სამინისტროს გენინსპექცია უნდა იძიებდეს. მიმაჩნია, რომ არანაირად გაუარესებული მდგომარეობა არამც თუ არ იყო, პირიქით ჩემთვის სახელები და გვარებია ცნობილი იმ მაყურებლების, რომლებიც "ნაციონალების" დროს იყვნენ. ისიც ვიცი, რომ შემდეგ მათ უსაფრთხოების სამსახური და თვითიზოლაცია მოითხოვეს, რადგან ანგარიშსწორების ეშინოდათ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალების" მთავრობა ზუსტად საკუთარ მაყურებლებს აკეთებინებდა ყველა შავ საქმეს, ცემიდან დაწყებული გაუპატიურებით დამთავრებული.

    ეკა კვესიტაძის გადაცემა იყო მოდელირებული გადაცემა იმიტომ, რომ კადრები, რომელიც გადაცემაში აჩვენეს, ზუსტად ნაციონალების დროს იყო გადაღებული. დანარჩენი საუბრები რაც იყო, ამ საუბრებში კრიმინალი ნაკლებად იკვეთება. ეს ჩანაწერი 2013 წლის არის და რატომ ახსენდებათ 2014 წლის ბოლოს? შესაბამისად, დავალებაა მიღებული, რომ აირიოს 2014 წლის ბოლო. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): მე არ მგონია, რომ ეს კორექტული შეკითხვაა, იმიტომ, რომ ის გადაცემა, უბრალოდ, ყალბ ფაქტებზე იყო აგებული და არ შეიძლება ჟურნალისტიკაში ყალბ ფაქტებზე აგებული ინფორმაციის გადაცემა.

     

     

     

     ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): ჩემი აზრი ამ შემთხვევაში კომპეტენტური არ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ციხეში რა სიტუაციაა, ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ კრიმინოგენური ფონი ქვეყანაში არ გაუარესებულა. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს სტატისტიკასა და დანაშაულთა რაოდენობას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად თუ ქვეყანაში კრიმინოგენური ფონი არ გაუარესებულა, ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეებშიც ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც იყო.

     

     

     გელა ნიკოლეიშვილი (იურისტი):  ქურდები არსად არ დაბრუნებულან, ქურდები არიან მეშვიდე საპყრობილეში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×