სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    30.09.2014

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მედიას მოუწოდებს, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი. "თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც აუცილებელს.

    მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ.

    ნაკლებად უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მძიმე კრიმინალი? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ია ანთაძე  (მედია ექსპერტი): მედია ყველა ქვეყანაში სწორედ იმით გამოირჩევა, რომ უპირველეს ყურადღებას იმას აქცევს, რაც არის არა ყოველდღიური, არამედ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა და კრიმინალიც ყოველთვის ესეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში პრიორიტეტულია. ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არსებობს, როდესაც ადამიანები სხვადსხვა ქვეყანაში უყურებენ საინფორმაციო გამოშვებას, სადაც აჩვენებენ თუ როგორ გაიზარდა კრიმინალი, თუმცა როდესაც პირადად მათ ეკითხებიან ჰქონდათ თუ არა კრიმინალთან შეხება ან მათ უბანში თუ გაიზადა კრიმინალი, ისინი ამ კიხვაზე უარყოფითად პასუხობენ.

    მედიის სპეციფიკა ასეთია, რომ პირველ რიგში იმას აშუქებს, რაც განსაკუთრებულია. ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს შორის კრიმინალი პრიორიტეტულია, ასე რომ, ეს არ არის ქართული სპეციფიკა და მედია ამას გვერდს ვერ აუვლის.

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): პატრიარქი ბრძენი ადამიანია, საბედნიეროდ ის არის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აზრის გამომხატველი და ვეთანხმები იმიტომ, რომ არის პრობლემები, არის კრიმინალური გადახრები, რომელთა გაშუქებაც არ შეიძლება. ეს არის იგივე რეკლამა და ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილს ამ სიტუაციაში ჩართვისკენ უბიძგებს.

     

     

     არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): მედიამ უნდა გააშუქოს რეალობა ისეთი, როგორიც არის. ის, რაც ხდება, რაც რეზონანსული და მნიშვნელოვანია მედიამ რომ არ გააშუქოს, ამას ვერ დავეთანხმები. სრულიად ვეთანხმები ერთ რამეს, პატრიარქი ერის სულიერი მამაა, ამიტომ როდესაც ის აზრს გამოხატავს, გულისხმობს არა დირექტივის ფორმას, არამედ მის შინაგან დამოკიდებულებას, რომ მედია დადებით მოვლენებზე იყოს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ პოზიტიური სიგნალებიც მიიღოს.

    მედიას ალბათ შეიძლება გირჩიოთ არა მხოლოდ გაშუქებაზე, არამედ იმის შესახებაც, რომ ქვეყანაში მოვლენები იყოს როგორც უარყოფითის ისე დადებითის მომცემი და შესაბამისად, მედიის ჩართულობაც დადებითი კუთხით იყოს უფრო მეტი. თუმცა ის, რომ რაიმე ხდებოდეს და არ გაშუქდეს, ეს ალბათ არ შეიძლება.

     იაგო კაჭკაჭიშვილი (სოციოლოგი): რა თქმა უნდა მედიამ უნდა გააშუქოს. მედიამ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები უნდა ასახოს და თუ საზოგადოებაში არის ტენდენცია, რომ კრიმინალი მატულობს, ამის თაობაზე მედიამ უნდა ილაპარაკოს. რადგან მედია არის სოციალური საზოგადოებრივი პრობლემების ყველაზე უკეთესი რეპრეზენტატორი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×