თეა ბეჟიტაშვილი
09.10.2014

"ჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგს მოვერიდოთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრისას ჟურნალ "ფორბს ჯორჯიასთან" ინტერვიუში.

პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მასთან მიმართებაში საუბრობს პირადი ურთიერთობიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე, შეგრძნებებსა და ემოციებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

"ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე ათი თვეა, არ მქონია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჩემზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შეიძლება დავახასიათოთ იმ ღია განცხადებებით, რომლებიც ბატონმა ბიძინამ გააკეთა. მის ორივე განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა, რომელსაც ვერც ვუპასუხებ, რადგან არც მის კრიტიკაში იყო პოლიტიკური კონტექსტი.

"არსად არ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მე სხვა პოლიტიკური ორიენტირი ავირჩიე. საუბარია ისევ ჩვენი პირადი ურთიერთობიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე.... ამაზე პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ. ჯერ ერთი, ასეთ თემებზე ძალიან ძნელია ლაპარაკი ტელევიზიით და მეორე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი ურთიერთობიდან რაღაც ნაწილი ამოგლიჯო. ჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგს მოვერიდოთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია, რომ გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პირად ურთიერთობას მედიის საშუალებით არკვევენ? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): არის პირადი ურთიერთობა, რომელიც პოლიტიკასთან ახლოს დგას, იმიტომ, რომ პრეზიდენტი თავისთავად პოლიტიკური ფიგურაა. ამიტომ ზოგჯერ პრეზიდენტის პირადი ურთიერთობა იმ ურთიერთობაში გადადის, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. ისინი ამ ურთიერთობას მედიის საშუალებით არ უნდა არკვევდნენ, მაგრამ ზოგჯერ, იცით, რა ხდება, პრეზიდენტის განცხადებები მედიის დაინტერესებას თავისთავად იწვევს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ თვითონ პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ახლა ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, პრეზიდენტი კი პოლიტიკოსია. ვერ გეტყვით, ასეთი კამათი რამდენად მიზანშეწონილია. ორი სხვადასხვა სფეროა, ერთი სახელმწიფოს მართვაა, მეორე კი საზოგადოებრივი ორგანიზაცი. ვფიქრობ, ის, თუ რაზე კამათობენ და საუბრობენ, საზოგადოებისთვის საჯარო უნდა იყოს.

 

 

 ია ანთაძე (ჟურნალისტი): თვითონ ეს კომენტარი ცოტა გაუგებარია. ბიძინა ივანიშვილის სტილი ყველამ ვიცით, ის ამბობს იმას, რისი თქმაც სურს და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ იზღუდება. როგორც მოქალაქეს, პირადად მე, მირჩევნია ღიად ვიცოდე რა დამოკიდებულება არის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვიდრე გაურკვევლობაში ვიყო.

თუ სერიოზული ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, იქნება ღია, ამაში ცუდი არაფერია. მეორე მხრივ კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან ურთიერთობას მოაგვარებენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ ქვეყანა და ჩვენ ყველა უხერხულ მდგომარეობაში ვართ იმ დამოკიდებულების გამო, რაც მათ ერთმანეთთან აქვთ.

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ვფიქრობ, რომ მათ იმ ორი წლის მანძილზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება ჩვენ გარეშე უნდა შეეძლოთ.

იმიტომ, რომ ეს ჩვენც გვძაბავს და გვანერვიულებს. ამ ორ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ ისეთი ურთიერთობა ჰქონდეთ, რომელიც სალაპარაკო არ გახდება. სჯობს, რომ ერთმანეთს პირადად დაელაპარაკონ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×