სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    13.10.2014

    დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან სახელფასო დანამატს ხელფასი დაერქმევა. მისი განმარტებით, ცალკე დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას სწორედ ხელფასის ფორმით მიიღებენ.

    "დანამატების სისტემა თბილისის მერიაში არსებობდა და იყო შემთხვევები, როცა დანამატი შრომითი ანაზღაურების ერთმაგ ოდენობაზე მეტიც კი იყო. ჩვენ მხოლოდ მცირედი კორექტირება გავაკეთეთ ამის და წლის ბოლომდე დავტოვეთ ისეთი ფორმით, როგორიც იყო, ანუ არსებითად არ შეგვიცვლია.

    "თუმცა, ამავდროულად ჩემი მხრიდან დაევალა შესაბამის სამსახურებს, ახალი წესი მოვამზადოთ შრომის ანაზღაურებასა და დანამატებთან დაკავშირებით და იმ მავნე პრაქტიკას, რაც არსებობს, დაესვას წერტილი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია, კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მართლა ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია.

    "ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, იცოდნენ, რომ იქნებოდა ხელფასი და იქნებოდა დანამატი. ჩვენ მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ადამიანები კერძო ან სხვა სექტორში იღებენ. კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია... ვაპირებთ, რომ დანამატს მომავალი წლის იანვრიდან დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    როგორ აფასებთ მერიის მიერ თანამშრომელთა ხელფასებთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილების მიღებას? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):  "რატომ მერიის და არა, მაგალითად, საავადმყოფოს ან უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელფასები? რატომ, რა ლოგიკით? ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ."

     

     

     

     

     მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "ზოგადად, რაც ამ სახელფასო დანამატების ირგვლივ ხდება, ძალიან არათანმიმდევრული ამბავია. ეს ლოკალური შემთხევვა არ არის. მანამდე იყო სკანდალი პრემიებზე. ახლა, როგორც ჩანს, ცდილობენ, ამ დანამატებს სახელი დაარქვან და მაღალი ხელფასი დაინიშნონ.

    "საბოლოო ჯამში, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მაგრამ იმდენი არ უნდა ქნა, რომ ქვეყანას მთავრობის შენახვა ძვირი უჯდებოდეს. ან უნდა დადონ ისეთი შედეგები, მოსახლეობა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მართალია, მაღალ ხელფასებს ვაძლევთ, მაგრამ სამაგიეროდ რა მაგრად ვვითარდებით. ამ ყველაფერში ლოგიკა უნდა იყოს."

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "არა მარტო ამას, საერთოდ დადებითად მივესალმები იმას, რომ ყველა სახელმწიფო სამსახურში უნდა დამთავრდეს პრემია, ამავე დროს უნდა დამთავრდეს საწვავის თანხა, ტელეფონის თანხა, კომპიუტერის ყიდვა და ამას ხელფასი უნდა დაერქვას. ეს მავნე გადმონაშთი, რასაც თაღლითობა ჰქვია, უნდა დამთავრდეს."

     

     

     

     ბაია დვალიშვილი (მსახიობი): "არც პარკებს, არც სკვერებს და არც ქუჩებს არაფერი დასტყობია და ჯერ რომ დასტყობოდა და ხელფასები მერე მომატებოდათ, ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი. ვინც როგორ მუშაობს ისე იმსახურებს ხელფასს. "კი, ბატონო ჰქონდეთ მაღალი ხელფასი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ, ჯერ საქმე გაეკეთებინათ და ხელფასი მერე მოემატებინათ, რომ აყალმაყალი არ ატეხილიყო. არც ხეები დაურგავთ, არც გაუკრეჭიათ, რამდენი ხე მოსავლელია, ქუჩები გასაკეთებელი, ცოტ-ცოტა ხომ შეიძლება რაღაცას ვხედავდეთ? ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ. თუ საქმეს გააკეთებენ, კი, ბატონო, მოიმატონ ხელფასები. ვინც მუშაობს, ის ხელფასს კარგადაც უნდა იღებდეს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×