თეა ბეჟიტაშვილი
14.10.2014

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ.

"უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

თქვენი აზრით, პირს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, უნდა შეეხოს თუ არა შეწყალება? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

 იაგო კაჭკაჭიშვილი  (სოციოლოგი): ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ზოგადად, შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის, მომხრე ვარ, მაგრამ, როგორც კი იმას წარმოვიდგენ, რომ ადამიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რაღაცა საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ამიტომ გონება მკარნახობს, რომ ამ შემთხვევაში ჩემი ჰუმანისტური პათოსი მოვთოკო. თუმცა, აქ ვგულისხმობ იმას, რომ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს იმას, ვინც იმსახურებდა და არა უვადო პატიმრობას, როგორც დაუმსახურებულ სასჯელს. ამიტომ მომხრე ვიქნები, რომ გადაიხედოს უვადო პატიმრობის განაჩენები და თუ აღმოჩნდა, რომ განაჩენის გამოტანაში სერიოზული შეცდომაა დაშვებული, ის შეცდომა გამოსწორდეს.

 

 გია კორკოტაშვილი (მსახიობი): ჩემი აზრით, ამაზე პასუხი კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გასცენ. ჰუმანურობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ უვადო პატიმრობა ცუდი რამეა, მაგრამ ადამიანს შეიძლება ისეთი რამე აქვს დაშავებული, რომ შეწყალებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტი იყოს. ამ საქმეში საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია.

 

 

 ია ანთაძე  (ჟურნალისტი): ზოგადად, ჰუმანური მიდგომის მომხრე ვარ. მომხრე ვარ, რომ ამ პატიმრებს უვადო პატიმრობის შეწყალებით შეცვლის შანსი ჰქონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლოს კომპეტენციას ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებთ.

როდესაც ადამიანს მისჯილი აქვს პატიმრობის გარკვეული პერიოდი და მათ შეწყალება შეეხება, ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვის ქვეშ არ დგება, ხოლო, როცა უვადო პატიმარს შეწყალება ეხება, ეს სასამართლოს ავტორიტეტთან პირდაპირ კავშირშია. მე ასე ვფიქრობ, თუმცა შეიძლება ძალიანაც ვცდები, იმიტომ რომ ამის სპეციალისტი არ ვარ. უბრალოდ, როცა სასამართლოს უვადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს, ეს გადაწყვეილება ძალიან სერიოზული არგუმენტებით უნდა გამოიტანოს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ani   (14.10.2014)
ramdenadac vici zog aset patimars gadaadgilebac uhirs,tu usafrtxoa sazogadoebistvis sheizleba gamoshveba da ara iseti oqruashvili rom iyo kvdebao,magram sxva udanashaulo gaistumra da tviton kargad brdzandeba.

ani   (14.10.2014)
ramdenadac vici zog aset patimars gadaadgilebac uhirs,tu usafrtxoa sazogadoebistvis sheizleba gamoshveba da ara iseti oqruashvili rom iyo kvdebao,magram sxva udanashaulo gaistumra da tviton kargad brdzandeba.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×