თიკო ოსმანოვა
15.10.2014

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. შსს-ს ინფორმაციით, წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჭიკაიძის უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა არის ეკლესიიდან მოპარული.

"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგვხვდა. შემზარავი ფაქტია - დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს, და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა, მამა იასემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.

"ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები კი კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი და, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს", - განაცხადა მამა იასემ. მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა.

"ქართულ ეკლესიას მიხედვა უნდა, პირველ რიგში ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", - აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.

თქვენი აზრით, ვინმე ხომ არ ცდილობს ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 გია ბუღაძე  (მხატვარი):  წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დარბევა მეეჭვეება, რომ რელიგიურ ნიადაგზე იყოს, თუმცა ეს არის ვანდალური ფაქტი. ვანდალიზმი კი შუღლის გაღვივებასაც და ყაჩაღობასაც ნიშნავს.

 

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): მე პირად ცოდვას ვერ დავიდებ და ვერავის დავაბრალებ კონკრეტულად ეროვნულ დანაშაულს, მაგრამ ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ სწორედ რელიგიურ ნიადაგზე ხდება წყლის ამღვრევა საქართველოში და ვინ იცის ამას შეიძლება აკეთებდეს საქართველოს ის დაუძინებელი მტერი, ვისაც სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ აი მოვიდა ახალი ხელისუფლება და ქვეყანა აირია. არადა პატარ-პატარა დანაშაულებები ზოგჯერ გაცხადებული, ზოგჯერ დამალული სააკაშვილის დროსაც ხდებოდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვისურვო, ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს ვუთხრა, რომ მეტი იმუშავეთ, ჩემო ძვირფასებო, და ტემპს მოუმატეთ.

 

 ნუცა ჯანელიძე (კომპოზიტორი):  რა თქმა უნდა. ამდენი ხანი მოსწონდა ეს ეკლესია და ახლა აღარ მოეწონა და დაარბია?!. თანაც, როგორც ახლა გავიგე, ასევე გაუტაციათ 19 წლის ბიჭი - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთმანეთზე მიბმულია და ვიღაცა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს, ოღონდ რატომ ვერ ისვენებენ, ვერ გავიგე.

 

 

 

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ეს არის შეგნებულად გაკეთებული, უაღრესად ამაზრზენი სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალური ადამიანი, როგორი აღმსარებლობაც უნდა ჰქონდეს, ამას არ გააკეთებს. ეს არის პირწავარდნილი საქციელი "ნაციონალური" ხროვისა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, დესტაბილიზაციის შეტანას სახელმწიფოს ცხოვრებაში.

ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოვაცხადეთ კანონგარეშედ და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ განვახორციელეთ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×