თიკო ოსმანოვა
17.10.2014

კეზერაშვილის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთ მაღალჩინის გადმოცემაზე ეთქვა უარი. ამჯერად საუბარია, საბერძნეთის სასამართლოზე, რომელმაც გუშინ კუდის ყოფილ უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

ამაზე პროკურატურაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. თავად ბრალდებულის განცხადებით კი, კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა. როგორც დათა ახალაიამ აღნიშნა, საქართველოში ადამიანებს "უთითხნიან პოლიტიკურად კრიმინალურ საქმეებს".

"მოხდა ის, რასაც მოველოდი. მთელი ევროპა და მთელი თანამედროვე სამყარო გაკვირვებულია იმით, რაც საქართველოში ტარდება. დიდი მადლობა სასამართლოს, რომელმაც გაიზიარა ჩემი პოზიცია და გამამართლა ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოში შემითითხნეს", - განაცხადა დათა ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს, როცა საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასა და გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ეთანხმებით თუ არა ახალაიას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება? ეს კითხვა "რეზონანსმა საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): ახალაიას არანაირად არ ვეთანხმები და უფრო მეტიც, პოლიტიკური დევნის არც ერთი ფაქტი არ ვიცი.

 

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ეს "ნაციონალების" გავლენის შედეგია. "სახალხო პარტიას" ევროპარლამენტში ღრმად აქვს ფესვები გადგმული და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც იქიდან მომდინარეობს. დათა ახალაიას არც ერთი პოლიტიკური ბრალდება არ აქვს წაყენებული. საუბარია, კონკრეტულ კრიმინალურ დანაშაულებებზე და აქ პოლიტიკა რა შუაშია, ვერ გავიგე?! ვფიქრობ, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ საბერძნეთის სასამართლომ მიიღო.

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): რაშიც არის საქმე, ეს უკვე ყველამ კარგად იცის. დაუჯერებელია, მაგრამ ვეთანხმები გოგა ხაინდარავას - მთელი ევროპა, ყველაზე ვერ ვირტყვი, მაგრამ მაინც, ჩართულია კორუფციაში. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაფერი ფულზეა ნაყიდი და საბერძნეთის სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ყველაფერს ბოლო მალე მოეღება, მალე მიხვდებიან, სინამდვილეში რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა".

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): აქ ძალიან ძნელია მსჯელობა, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა და კონტექსტი. ამიტომ იმაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, ვერც არას ვიტყვი და ვერც - ჰოს. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ჩემთვის არის კანონი, ასე რომ, ძალიან მიჭირს ამ საკითხზე ჩემი კერძო აზრის გამოთქმა. რაღაც შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თუ არადა არსებობს სააპელაციო ინსტანციები.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×