იაგო ნაცვლიშვილი
18.10.2014

ოჯახურ ნიადაგზე მორიგი მკვლელობა მოხდა გუშინ. ილიაუნის ლექტორს 33 წლის მაკა წივწივაძეს ყოფილმა მეუღლემ უნივერსიტეტის დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა. წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქმარი ცოლს, ყოფილ ცოლს ან შეყვარებულს კლავს. ბოლო პერიოდში გენდერულმა ძალადობამ კიდევ უფრო იმატა, ხშირად ასეთი ფაქტები ფატალური შედეგებით სრულდება. ასეთი ტიპის დანაშაულების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გაზაფხულიდან გახდა.

თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი - ქალის როლის ზრდა და ამით მამაკაცების უკმაყოფილება, კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, თუ რამე სხვა? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): "ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მესამე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. თუ ამას არ ეშველა, მაშინ არაფერი გამოვა.

"მე არ ვიზიარებ აზრს, რომ ასეთ დანაშაულს მხოლოდ ამნისტირებული პატიმრები სჩადიან, მაგრამ საუბარი არასწორ მიდგომებზეა. თუნდაც განქორწინების საკითხის მიმართ.

"ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც თანაცხოვრებას გაშორება სჯობს, მაგრამ ტრადიციაა ასეთი - რას იტყვის მეზობელი, ბავშვს ზიანი არ მივაყენოთ... მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ბავშვი მაშინ უფრო ცუდად გრძნობს თავს, როცა მშობლების ჩხუბს უყურებს.

"გახშირებული დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კავკასიური და აზიური მენტალიტეტიცაა. ეს არის ქვეყნის და მენტალიტეტის პრობლემა, მაგრამ არა ქართული. აზიაში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ეს არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა, სადაც კულტურის ნაკლებობაა."

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ეს იყო ყველგან და ყოველთვის. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება და მარტო საქართველოს ნუ დააბრალებთ. თუმცა, შესაძლოა ქართველებში ეს უფრო მძაფრად იყოს გამოკვეთილი.

"ეს ქართველებში ზედმეტი სიყვარულისგან - "მარტო ჩემთვის მინდა" პრინციპიდან გამომდინარეობს. ამის მიზეზი არის ეჭვიანობა. ეს უფრო მაშინ ღვივდება, როცა მოქეიფე ქართველი კაცი ზედმეტად შედის "ბახუსში". ამ დროს მას ელანდება, რომ ის ქალი მას თავს ჭრის და ამ აფექტურ მდგომარეობაში ჩადის მკვლეობას.

"ეს ყველგან ხდება, მაგრამ, ქართული მენტალიდედან გამომდინარე, ეს ჩვენთან ძალიან ჭარბობს. ზედმეტი მიკუთვნებულობით, რომ ეს ქალი მე მეკუთვნის და სხვას არავისო, დანაშაულს ჩადიან."

 ბაია დვალიშვილი (მსახიობი): "რაც ქალი და კაცი არსებობს, ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილება სულ არის, მაგრამ აქამდე ფატალურ შედეგების ასეთი ხშირი შემთხვევები არ იყო. მგონია, რომ არეული სიტუაცია ახდენს გავლენას.

"მე მაინც კრიმინოგენურ მდგმარეობას ვაბრალებ. იმიტომ, რომ უთანხმოება ყოველთვის იყო, მაგრამ მისი მოგვარება ხდებოდა.

"ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მამაკაცების სწორი აღზრდაა საჭირო ბავშვობიდან. ასევე უნდა გავითავისოთ ყველამ, ქალებმაც და მამაკაცებმაც, რომ არჩევანის უფლება უნდა გვქონდეს - გვინდა ამ ადამიანთან ყოფნა თუ არა. კიდევ ბევრი საკითხია, რასაც სწორი ანალიზი სჭირდება."

 ვაჟა ოთარაშვილი პოეტი): "ეს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე. ასეთი და უარესი მკვლელობები ქვეყანაში ადრეც ხდებოდა, როგორც სააკაშვილის მმართველობის, ისე კომუნისტური რეჟიმის დროს. ასეთი შემთხვევბი ხშირი იყო, როცა ქმარი ცოლს კლავდა და პირიქითაც. ამაზე მეც მაქვს გადაღებული ფილმი.

"რაც შეეხება მიზეზს, ეს იმაში მდგომარეობს, რომ ერი დაშორდა უფალს. ჩვენ ვცხოვრობთ არამართლმადიდებლური წესით, ქვეყანაში სუფევს აგრესია. ეს არის აპოკალიფსის უპირველესი ნიშანი.

"სხვათა შორის, ეს პრობლემა მარტო საქართველოში არაა. ეს მასობრივი პრობლემაა ევროპასა და ამერიკაშიც. ამაზე თქვენ თავად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ სტატისტიკას ვაკეთებთ, მაგრამ ამ მოვლენათა ფსიქოლოგიურ-თეოლოგიურ ანალიზზე არავინ არ ზრუნავს."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×