თეა ბეჟიტაშვილი
20.10.2014

"საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლო თუ ხედავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკური სარჩული აქვს, საინტერესოა, რატომ არ ცდებიან ჩარჩოებს ქართველი მოსამართლეები", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექტსრადიციაზე უარი განაცხადა. დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ საბერძნეთის სასამართლოს დაყოლიება დათა ახალაიას ექსტრადიციაზე? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "საქართველოს ხელისუფლებას არანაირად არ შეეძლო რამე ზეგავლენა მოეხდინა საბერძნეთის სასამართლოზე, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოზე. თვითონ ჩვენი ხელისუფლება იმაზეა ორიენტირებული, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა არ მოახდინოს.

"ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმდენად ჰყავს ლობისტური ორგანიზაციები, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმ ბარიერის დაძლევა, რომელიც მათ შექმნილი აქვთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ შემთხვევაში უფრო მაგრად იმუშავა და თავისი გაიტანა.

"საბოლოოდ კი ორი ვარიანტია - პირველი ის, რომ საბერძნეთის სასამართლომ ის მტკიცებულებები, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა გაგზავნილი, არასაკმარისად მიიჩნია; მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ კიდევ გრძელი ხელები აქვს და შეუძლია მისწვდეს თვით საბერძნეთის სასამართლოსაც."

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "დაყოლიება ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, რომ პროკურატურის მიერ ვერ განხორციელებულ დევნას პოლიტიკური დევნის ხასიათი აქვს. ეს ჩანს არა მარტო ჩვენი მოსახლეობისათვის, არამედ გარედანაც კარგად ჩანს.

"ჯერ გასარკვევია, რას ედავება საქართველოს დღევანდელი პროკურატურა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალიან ადვილი დასანახია, რომ ამას წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს და არანაირი საერთო არ აქვს იმ მითიურ სამართლიანობის აღდგენასთან, რაზეც ამდენს საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახლა ხელისუფლებაშია."

 

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):  "საქართველოს სასამართლოს მოქმედება და მისი მმართველი ხელისუფლების მოქმედება იურიდიულ საკითხებში აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამ დამნაშავეებში ისინი მხოლოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ხედავენ და არა დამნაშავეებს, იმიტომ, რომ არ აინტერესებთ.

"სააკაშვილის ხელისუფლება პირველ ყოვლისა რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატისათვისაა გასასამართლებელი. ქურდობა, ყაჩაღობა - ეს მათი ძირითადი დანაშაულის მხოლოდ თანმხლები პროდუქტია. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს თავის მოქმედებაში ლოგიკის, თუნდაც ილუზიის შექმნას."

 

 გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): "ბაჩო ახალაიას განცხადება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებაა და საქართველოს ფუნქციონირებულ სასამართლოზე შეიძლება ირიბ ზეწოლად მივიჩნიოთ, რათა მან მიიღოს ის, რაც უნდა. მოსამართლე თვითონ შინაგანი რწმენით წყვეტს და იღებს გადაწყვეტილებას და საბერძნეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითონ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და არა თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

"ჩვენი სასამართლოს დამოუკიდბულება კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლე თავად გადაწყვეტს გაიზიაროს თუ არა საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×